გაერო აპირებს, წლის ბოლომდე 11 მილიონ ავღანელს დაეხმაროს. ამ მიზნით ორგანიზაციას 606 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს. ამის შესახებ საუბარია გაერო-ს მიერ გავრცელებულ დოკუმენტში. ორგანიზაციის გენერალური მდივანი 13 სექტემბერს მინისტერიალზე მიმართვას გაერო-ს წევრ ქვეყნებს და მოუწოდებს, გამოყონ დახმარება ავღანელი ხალხისთვის.
მანამდე კი, „ბიბისისთან“ საუბარში გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ მოძრაობა „თალიბანს“ სჭირდება გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარება. მან მოუწოდა თალიბებს, უზრუნველყონ ის პირობების, რომლებიც აუცილებელია, რათა გაერო-ს თანამშრომლებმა ავღანეთში მუშაობა გააგრძელონ. ამასთან, გუტერეში აცხადებს, რომ ავღანეთში სიტუაცია დიდწილად არაპროგნოზირებადია.
„ჩვენ ვხედავთ მილიონობით ლტოლვილს მეზობელ ქვეყნებში. ავღანეთში ომი წლებია გრძელდება. ხალხის ტანჯვა წარმოუდგენელ მასშტაბებს აღწევს. ჩვენი მოვალეობაა, დავრჩეთ ავღანეთში და დახმარება მივაწოდოთ ხალხს. მაგრამ „თალიბანმა“ ამისთვის აუცილებელი პირობები უნდა შექმნას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს დახმარებასთან წვდომა ყველას უნდა ჰქონდეს. ეს ასევე ნიშნავს, რომ გოგოები უნდა დადიოდნენ სკოლაში, ქალებს უნდა ჰქონდეთ მუშაობის გაგრძელების საშუალება. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, ჰუმანიტარული დახმარება ნორმალურ ვითარებაში დავარიგოთ. ჰუმანიტარული დახმარება შეიძლება გახდეს „საწყისი წერტილი“, რადგან „თალიბანი“ აცნობიერებს, რომ ეს დახმარება აუცილებელია და საერთაშორისო საზოგადოება იქნება მზად ამ დახმარების მისაწოდებლად, თუ „თალიბანი“ გარკვეულ წესებს დაემორჩილება“, – განაცხადა გუტერეშმა.