გაერო-ში დღეს დაგეგმილ უშიშროების საბჭოს სხდომას სტეფან დე მისტურა გახსნის
გაერო-ში დღეს დაგეგმილ უშიშროების საბჭოს სხდომას ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი სირიის საკითხებში, სტეფან დე მისტურა გახსნის.
გავრცელებული ინფორმაციით, მისტურა უშიშროების საბჭოს წევრებს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას მიაწვდის.
უშიშროების საბჭოს სხდომა ამერიკის დროით 15:00 საათზე (ჩვენი დროით 23:00) დაიწყება.
სირიის ქალაქ დუმაში მომხდარი ქიმიური თავდასხმის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარება ცხრა ქვეყანამ მოითხოვა. მათ შორის არის საბჭოს მუდმივი წევრები აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი.
სხდომის მოწვევას ითხოვს პოლონეთი, ნიდერლანდები, შვედეთი, ქუვეითი, პერუ და კოტდიუვარი.
შეგახსენებთ, რომ სირიაში მყოფი მოხალისეებისა და ექიმების ცნობით, ქალაქ დუმაში 8 აპრილს მომწამვლელი ნივთიერება ზარინი გაუშვეს. დაღუპულია ათობის ადამიანი, მათ შორის ბავშვები და ქალები.
აშშ-ის პრეზიდენტმა მომხდარზე პასუხისმგებლობა სირიის, რუსეთისა და ირანის ხელისუფლებას დააკისრა. დამასკოში, მოსკოვსა და თეირანში ქიმიური შეტევის შესახებ ინფორმაციას „ფაბრიკაცია“ უწოდეს.