გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დინა პაუელის კანდიდატურა განიხილება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დინა პაუელის კანდიდატურას განიხილავს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე ახალი კანდიდატის შერჩევაში ნიკი ჰეილი დაეხმარება.
ცოტა ხნის წინ, გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ნიკი ჰეილი თანამდებობას 2018 წლის ბოლოს დატოვებს. აღნიშნულ პოსტზე ახალი კანდიდატი სენატმა უნდა დაამტკიცოს.
დინა პაუელი აშშ-ში ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენს. ის ეგვიპტეში, კოპტების ოჯახში დაიბადა და ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ოთხი წლის ასაკში ჩავიდა. დინა პაუელი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩევლის პირველი მოადგილე იყო. მას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. ამასთან, ჯორჯ ბუში უფროსის პრეზიდენტობის დროს, ის თეთრ სახლში მუშაობდა.