გაერო-ს წევრი 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო რუსეთს უკრაინაში სრული, დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
გაერო-ს წევრი 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო რუსეთს უკრაინაში სრული, დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. განცხადება დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა გაავრცელა.
„მსურს, წავიკითხო განცხადება ალბანეთის, ანდორის, ავსტრალიის, ავსტრიის, ბელგიის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, ბულგარეთის, კანადის, კოსტა რიკის, ხორვატიის, კვიპროსის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, საქართველოს, გერმანიის, საბერძნეთის, ჰონდურასის, უნგრეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, იაპონიის, ლატვიის, ლიხტენშტაინის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, მალტის, მონაკოს, მონტენეგროს, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ნორვეგიის, პანამის, პოლონეთის, პორტუგალიის, სამხრეთ კორეის, მოლდოვის რესპუბლიკის, რუმინეთის, სან-მარინოს, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, შვეიცარიის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის დელეგაციის სახელით. დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს – 35 წელი მას შემდეგ, რაც 1991 წელს ყოფილი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს იყო უკრაინელი ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის რუსეთმა, აღიარა. თუმცა, ზეიმის დღის ნაცვლად, დღეს ასევე ოთხწელიწადნახევარი სრულდება რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო, სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყებიდან – გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების აშკარა და მიმდინარე დარღვევიდან.
რუსეთის შეჭრამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის საფუძვლები და შეარყია როგორც რეგიონული, ისე გლობალური მშვიდობა და უსაფრთხოება. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად ასობით ათასი ქალი, კაცი და ბავშვი დაიღუპა ან დაშავდა. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რადგან თავდასხმები გახშირდა. გასულ თვეში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა, მხოლოდ მის მიერ აღრიცხული მონაცემებით, 2022 წლის მარტის შემდეგ, ერთ თვეში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვისა და დაშავების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა – დაიღუპა, სულ მცირე, 437 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე. ამას ემატება ის ფაქტი, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან სულ მცირე 68 000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის თითქმის 4 000 ბავშვი, დაიღუპა ან დაშავდა.
მშვიდობიანი მოსახლეობა დაცულია როგორც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საფუძველზე. ჩვენ მკაცრად ვგმობთ თითოეულ ასეთ თავდასხმას. ეს ახლავე უნდა დასრულდეს. ჩვენ ასევე ხაზს ვუსვამთ სამხედრო ტყვეების გაცვლის დასრულების, უკანონოდ დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებისა და ყველა მშვიდობიანი მოქალაქის უსაფრთხო დაბრუნების გადაუდებელ აუცილებლობას, მათ შორის იმ ათასობით უკრაინელი ბავშვის, რომლებიც იძულებით გადაიყვანეს. ეს აუცილებელი ჰუმანიტარული ნაბიჯები და მორალური ვალდებულებაა.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ ვალდებულებას, უზრუნველვყოთ საერთაშორისო სამართლის დარღვევით ჩადენილი დანაშაულებისთვის სრული პასუხისმგებლობა. მსხვერპლთათვის სამართლიანობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, მათ შორის იმისთვის, რომ მომავალში მთელ მსოფლიოში მსგავსი სისასტიკეები თავიდან ავიცილოთ.
ომის შედეგები უკრაინის ფარგლებს გარეთაც იგრძნობა. ევროპის რამდენიმე პარტნიორმა არაერთი საჰაერო სივრცის დარღვევა და დრონებთან დაკავშირებული ინციდენტი განიცადა, რაც სახიფათო და მიუღებელია. ეს ინციდენტები ზრდის არასწორი გათვლისა და შემდგომი ესკალაციის რისკს და ამით ყველაფერი არ მთავრდება. უფრო ფართო საერთაშორისო საზოგადოებაც გრძნობს ამ ომის გავლენას. შავ ზღვაში მარცვლეულის გადაზიდვებსა და უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე რუსეთი თავდასხმებს ახორციელებს, რის გამოც ოპერაციები შეფერხებულია. ამას უდიდესი შედეგები აქვს მთელი მსოფლიოსთვის და გავლენას ახდენს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე. ეს უაზრო ომი და მის შედეგად გამოწვეული უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა დაუყოვნებლივ შეიძლება, დასრულდეს. რუსეთმა უბრალოდ უნდა მიიღოს უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, რომლისკენაც უკრაინა და საერთაშორისო საზოგადოება მას უკვე წელიწადნახევარზე მეტია, მოუწოდებენ. უკრაინას მშვიდობა სურს. ჩვენ მშვიდობა გვინდა.
კატეგორიულად მოვუწოდებთ რუსეთს, უპასუხოს სრულ, დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებებს და განაახლოს მოლაპარაკებები უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაერო-ს წესდების შესაბამისად. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამ განსაკუთრებულ დღეს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას. გაერო-ს წესდების შესაბამისად, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის ალტერნატივა არ არსებობს“, – განაცხადა ლარს ლოკე რასმუსენმა.