ვოლოდიმირ ზელენსკი – ვამზადებთ შეხვედრებს აშშ-ში ჩვენს პარტნიორებთან, ეს ეხება მოლაპარაკებებს და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, ენერგეტიკას, სურსათის უსაფრთხოებასა და შეიარაღებას

00:22, 17.09.2026

ვამზადებთ შეხვედრებს აშშ-ში ჩვენს პარტნიორებთან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ეს ეხება მოლაპარაკებებს – მშვიდობის დაახლოებას და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის ენერგეტიკას, სურსათის უსაფრთხოებასა და შეიარაღებას. იქნება უკრაინისთვის მხარდაჭერის ახალი პაკეტები, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის მიმართულებით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთან, მისივე თქმით, უკრაინა ანტიბალისტიკური კოალიციის გაფართოებისთვისაც ემზადება.

„ამოცანა უცვლელი რჩება: წელს მზად უნდა გვქონდეს შედეგი, რომლის გამოცდაც შესაძლებელი იქნება. ჩვენ გვჭირდება სისტემა, რომელიც ეფექტიანი იქნება, რომლის წარმოებაც საკმარისი მასშტაბით იქნება შესაძლებელი და რომელიც სასურველია, უფრო იაფი იყოს იმაზე, რაც დღეს მსოფლიოშია ხელმისაწვდომი. მწარმოებლებთან და ქვეყნებთან თანამშრომლობა საკმაოდ პროდუქტიულად მიმდინარეობს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ საქმეში გვეხმარება. ამჟამად ევროპის უძლიერესი კომპანიები, რომლებსაც ანტიბალისტიკური თავდაცვის მიმართულებით რეალური წვლილის შეტანა შეუძლიათ, უკვე ჩვენი FREYJA-ს პროგრამის ნაწილი არიან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი