გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის რეზოლუციის პროექტს ვეტო დაადო
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის რეზოლუციის პროექტს ვეტო დაადო

რუსეთმა აშშ-ის მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელიც სირიაში ქიმიური იარაღით თავდასხმის საქმის გამოძიებას შეეხებოდა, ვეტო დაადო. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, კენჭი აშშ-ის, გაერო-სა და რუსეთის მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტებს უყარეს.

გაერო-სა და აშშ-ის რეზოლუციები სირიაში ქიმიური იარაღით თავდასხმას ადასტურებს და დამნაშავის გამოსავლენად ხელახალი გამოძიების დაწყებას ითვალისწინებს.

აშშ-ს რეზოლუციას მხარი 12-მა ქვეყანამ დაუჭირა. რეზოლუციის დასამტკიცებლად ცხრა ხმაც საკმარისი იყო, თუმცა მის წინააღმდეგ რუსეთმა ვეტოს უფლება გამოიყენა.

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ ხუთ ქვეყანას ვეტოს უფლება აქვს, რომლის გამოყენებაც მათ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ რეზოლუცია სულ მცირე ცხრა ხმას დააგროვებს. რუსეთის გარდა, რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა ბოლივიამ მისცა, ჩინეთმა კი თავი შეიკავა.

შვიდი წინააღმდეგი, ექვსი მომხრე – ასე გადანაწილდა ხმები რუსეთის რეზოლუციის შემთხვევაში. შესაბამისად, არასაკმარისი ხმების გამო, გაეროს უშიშროების საბჭომ ვერც ეს რეზოლუცია დაამტკიცა.

კენჭისყრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში, გაეროში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ „რუსეთმა უკვე მეექვსედ „გაივარჯიშა“ ვეტოს გამოყენებაში და მათ სირიელი ხალხის დაცვას კიდევ ერთხელ „მონსტრის“ მხარეს დარჩენა არჩიეს“.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოიწვია.