გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-მა რუსეთს სირიაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტა მოსთხოვა
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-მა რუსეთს სირიაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტა მოსთხოვა

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, აშშ-მა მოსკოვს სირიაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტა მოსთხოვა. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა კი, სირიაში კონფლიქტის მონაწილეებს, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდა.

საბჭოს სხდომა მას შემდეგ მოიწვიეს, რაც სირიის პროვინცია იდლიბში ვითარება დაიძაბა. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი, სირიის არმიის შეტევის შედეგად, 33 თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

გაერო-ში გამოსვლისას აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, კელი კრაფტმა რუსეთს იდლიბის პროვინციაში ავიაციის ფრენების შეჩერება, ხოლო ბაშარ ასადის არმიას 2018 წელის სოჭის შეთანხმებით გაწერილ პოზიციებზე დაბრუნება მოსთხოვა.

თავის მხრივ, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა 28 თებერვლის ღამეს მომხდარ შეტაკებას სირიის ომის უმძიმესი მომენტი უწოდა.

ერთობლივი განცხადება გააკეთეს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა. მათ შორის იყო გერმანია, საფრანგეთი, ბელგია და ესტონეთი. მათ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტა და დაზარალებულ რეგიონში ჰუმანიტარული ორგანიზაციების ჩასვლა მოითხოვეს.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, იდლიბში მომხდარი შეტაკება მოსკოვმა და ანკარამ განსხვავებულად შეაფასეს.

რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა თქვა, რომ რუსეთის ავიაციას არ დაუბომბავს ის ტერიტორიები, სადაც თურქი ჯარისკაცები დაიღუპნენ. ამასთან, ვიტალი ნებეზნიამ ისიც აღნიშნა, რომ თურქეთის მიერ რუსეთისთვის მიწოდებულ კოორდინატები არასწორი იყო და თურქი ჯარისკაცები იმ ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ, სადაც ისინი არ უნდა ყოფილიყვნენ.

თურქეთის ელჩმა გაერო-ში რუსი კოლეგის ეს სიტყვები უარყო და თქვა, რომ ანკარამ რადარების საშუალებით რუსული ავიაცია დააფიქსირა.

თურქმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ ანკარას რუსეთთან ომი არ სურს, თუმცა თუ თურქეთის უსაფრთხოებას რაიმე სახის საფრთხე დაემუქრება, ანკარა ძალის გამოყენებას არ მოერიდება.