გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიის პრეზიდენტისა და შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნა
გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ შარაასა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ანას ხატაბის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნა. რეზოლუციას მხარი საბჭოს 14-მა წევრმა დაუჭირა, ჩინეთმა კი თავი შეიკავა.
მანამდე, სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-მა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წარუდგინა რეზოლუციის პროექტი, რომელიც სირიის პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა.
ალ შარაა მომდევნო კვირაში აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩადის და დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს.
ცნობისთვის, სირიაში 13-წლიანი სამოქალაქო ომი შარშან, დეკემბერში სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის დამხობით დასრულდა. ეს მოხდა ისლამისტური ორგანიზაციის, „ჰაიათ ტაჰრირ აშ შამის“ წევრების შეტევის შედეგად, რომელსაც სირიის მოქმედი პრეზიდენტი აჰმედ ალ შარაა ხელმძღვანელობდა. აღნიშნული ორგანიზაცია 2016 წლამდე ტერორისტული დაჯგუფების, „ალ ქაიდას“ შემადგენლობაში შედიოდა.