გაერო-ს უშიშროების საბჭომ აშშ-ის მიერ შემუშავებულ ისრაელ-ღაზას შორის ცეცხლის შეწყვეტის გეგმას მხარი დაუჭირა
გაერო-ს უშიშროების საბჭომ შეერთებული შტატების მიერ შემუშავებულ ისრაელ-ღაზას შორის ცეცხლის შეწყვეტის გეგმას მხარი დაუჭირა.
რეზოლუციას მხარი 14-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო რუსეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
გეგმა მოიცავს პირობებს ცეცხლის საბოლოო შეწყვეტისთვის, „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებისთვის, დაღუპული მძევლების ცხედრების დაბრუნებისა და პალესტინელი ტყვეების გაცვლისთვის.
ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღნიშნული სამფაზიანი გეგმა 31 მაისს წარადგინა. პირველი ეტაპი ეხება მძევლებისა და ტყვეების გაცვლას, ასევე ცეცხლის ხანმოკლე შეწყვეტას; მეორე ეტაპი მოიცავს „საომარი მოქმედებების მუდმივ შეწყვეტას“ და ისრაელის ჯარების სრულად გაყვანას ღაზის სექტორიდან; მესამე ეტაპი ფოკუსირებულია რეგიონის გრძელვადიან პერსპექტივაზე და მოიცავს ღაზის რეკონსტრუქციის მრავალწლიან გეგმას.