გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაცია - შესაძლოა, პანდემიამ საკმარის საკვებზე წვდომა კიდევ 132 მილიონ ადამიანს შეუზღუდოს
გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაცია - შესაძლოა, პანდემიამ საკმარის საკვებზე წვდომა კიდევ 132 მილიონ ადამიანს შეუზღუდოს

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის 2019 წლის მონაცემებით, „კოვიდ-19“-ის პანდემიამდე თითქმის 690 მილიონ ადამიანს არ მიუწვდებოდა ხელი საკმარის საკვებზე.

FAO-ს უახლეს ანალიზზე დაყრდნობით, პანდემიამ შესაძლოა, ამ სტატისტიკას კიდევ 132 მილიონი ადამიანი შემატოს მსოფლიოში. გარდა ამისა, 4.5 მილიარდ ადამიანზე მეტი საშუალოდ დამოკიდებულია აგროსურსათის წარმოებაზე, რათა გამოკვებოს საკუთარი ოჯახი.

„პანდემიამ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შესძინა ფრაზას – არც ერთი ადამიანი არ დავტოვოთ უყურადღებოდ – 2030 წლის გლობალური მიზნების მთავარ პრინციპს. როგორც არასდროს, მთავრობები, საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება და აკადემიური სექტორი უნდა გაერთიანდნენ და ერთობლივი ძალებით მოახერხონ ამ მნიშვნელოვან გამოწვევებთან გამკლავება.

ძლიერი პარტნიორობა FAO-ს ინიციატივის ცენტრალური ასპექტია, რათა მოხდეს აგროსურსათის სისტემების მდგრადობის გაძლიერება და, საბოლოოდ, შიმშილისა და სიღარიბის დაძლევა. „კერძო სექტორის ჩართულობის ახალი სტრატეგიით“, FAO მიზნად ისახავს კერძო სექტორთან პარტნიორობას, ინოვაციების, ინვესტიციების, სამეცნიერო ექსპერტიზის გასაძლიერებლად.

FAO აქტიურად მუშაობს მსოფლიოს გარშემო, როგორც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო მიმართულების საკანონმდებლო ცვლილებებისა და ეფექტური პოლიტიკის შესამუშავებლად, ასევე ამ ცვლილებების დასანერგად და განსახორციელებლად“, – აღნიშნულია FAO-ს გენერალური დირექტორის, კუ დონჟუს ღია წერილში.

ინფორმაციას გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი ავრცელებს.