გაერო-ს სასამართლომ ბოსნიელი სერბების ლიდერს სრებრენიცას გენოციდისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
ბოსნიელი სერბების ლიდერს, რადოვან კარაჯიჩს გაერო-ს სასამართლომ სრებრენიცას გენოციდისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. იუგოსლავიის დაშლის შემდეგ ბოსნიის ომში ჩადენილი დანაშაულისთვის, კარაჯიჩს 40-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, რაც ბოსნიელი სერბების ლიდერმა გაასაჩივრა.
პროკურორები 73 წლის რადოვან კარაჯიჩისთვის თავიდანვე სამუდამო პატიმრობას ითხოვდნენ. კარაჯიჩი 1990-იან წლებში, ბოსნიაში სერბების ლიდერი იყო. 2016 წელს კარაჯიჩი ეთნიკური ბოსნიელებისა და ხორვატების მიმართ, ომის დანაშაულისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის გაასამართლეს. ბრალდება მოიცავდა 1995 წლის სრებრენიცას მასობრივ მკვლელობებს, როდესაც ათასობით ბიჭი და მამაკაცი მოკლეს.
გაერო-ს სასამართლოს გადაწყვეტილებით, კარაჯიჩის ჯარებმა გენოციდი ჩაიდინეს. სასამართლომ კარაჯიჩი 11-დან 10 საქმეში დამნაშავედ ცნო.
იუგოსლავიის დაშლის შემდეგ დაწყებულ შეიარაღებულ დაპირისპირებას 100 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე მილიონი კი, საცხოვრებლის გარეშე დარჩა.