გაერო-ს სამშვიდობო მისიები შესაძლო დახურვისთვის ემზადებიან, თუ გენერალური ასამბლეა ახალ ბიუჯეტზე შეთანხმებას 30 ივნისამდე ვერ მიაღწევს
გაერო-ს სამშვიდობო მისიები მთელ მსოფლიოში შესაძლო დახურვისთვის ემზადებიან, თუ გაერო-ს გენერალური ასამბლეა ექვსი მილიარდი დოლარის ოდენობის ახალ ბიუჯეტთან დაკავშირებით შეთანხმებას 30 ივნისამდე ვერ მიაღწევს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
გაერო-ს წარმომადგენლის, კეტრინ პოლარდის განცხადებით, გაერო-ს 12-მა სამშვიდობო მისიამ მიიღო რეკომენდაცია, შეიმუშაონ საგანგებო ვითარებაში მოქმედების გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ ბიუჯეტის დროულად დამტკიცება ვერ მოხერხდება. გაერო-ს სამშვიდობო მისიების უმეტესობა აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთშია განთავსებული.
კეტრინ პოლარდის თქმით, თუ 30 ივნისამდე ბიუჯეტზე შეთანხმება ვერ მოხდება, გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშს ფინანსების დახარჯვა მხოლოდ გაერო-ს აქტივების დასაცავად და პერსონალისა და სამშვიდობოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეეძლება. გაერო-ს სამშვიდობო მისიების ხელმძღვანელმა, ჟან-პიერ ლაკრუამ განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში მისიები მკაცრად შეიზღუდება და ვერ შეასრულებენ ისეთ ზომებს, როგორებიცაა მოქალაქეების დაცვა, „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება და პოლიტიკური ძალისხმევისა და მედიაციის მხარდაჭერა.