გაერო-ს ინფორმაციით, ანტონიუ გუტერეშმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო
გაერო-ს ინფორმაციით, ანტონიუ გუტერეშმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო, – ამის შესახებ გაერო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

გაერო-ს გენერალური მდივანი რუსეთის პრეზიდენტს ყაზანში, „ბრიქსის“ სამიტის ფარგლებში შეხვდა.

როგორც გაერო-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, გუტერეშმა შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. ამასთან, ხაზი გაუსვა გაერო-ს მხარდაჭერას მშვიდობის მიმართ.

„გაერო-ს გენერალურმა მდივანმა გამოხატა რწმენა, რომ შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლება უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რუსეთისა და მსოფლიოს სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. გუტერეში სრულად უჭერს მხარს ამ მიმართულებით მოლაპარაკებების გაგრძელებას და გამოხატავს მადლიერებას თურქეთის მიერ გაწეული სამუშაოსთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, გაერო-ს ცნობით, გუტერეშმა და პუტინმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, კერძოდ, ღაზასა და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობა და რეგიონში შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების საჭიროება.