გაერო-ს გენმდივანს სირიის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე გეირ პედერსენის დანიშვნა სურს
გაერო-ს გენერალურ მდივანს სირიის საკითხებში ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე გეირ პედერსენის დანიშვნა სურს. ანტონიუ გუტერეშმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს შესაბამისი წერილი უკვე გაუგზავნა და მხარდაჭერა სთხოვა.
საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივნის განმარტებით, ნორვეგიელი დიპლომატი სირიის საკითხში კარგ წვლილს შეიტანს. სწორედ ამიტომ, გუტერეშის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ და სირიის ხელისუფლებამ მას მხარი უნდა დაუჭირონ.
გეირ პეტერსენს ამ მომენტში ჩინეთში ნორვეგიის ელჩის თანამდებობა უკავია. ნორვეგიელმა დიპლომატმა სტაფან დე მისტურა უნდა შეცვალოს, რომელიც პოსტს უკვე ოთხ წელზე მეტია იკავებს. ცოტა ხნის წინ სტაფან დე მისტურამ „პირადი მიზეზების გამო“ ნოემბრის ბოლოს თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.