გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს ვეტოს გამოყენების დასაბუთებას ავალდებულებს
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს ვეტოს გამოყენების დასაბუთებას ავალდებულებს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს ავალდებულებს, დაასაბუთონ ვეტოს გამოყენება. მედიის ცნობით, რეზოლუცია გენერალურმა ასამბლეამ კონსენსუსით მიიღო.

რეზოლუციის დოკუმენტის მიხედვით, უშიშროების საბჭოს ერთი ან რამდენიმე მუდმივი წევრი თუ უარს იტყვის გამოყენებული ვეტოს დასაბუთებაზე, ათი დღის ვადაში მოწვეული იქნება გენერალური ასამბლეის სხდომა, სადაც გაიმართება დებატები იმ საკითხის შესახებ, რომელზეც ვეტო იქნება გამოყენებული.

რეზოლუციის ავტორი არის ლიხტენშტეინი, ასამდე ქვეყანა კი, თანაავტორია, მათ შორის უკრაინა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ევროკავშირის ყველა წევრი და იაპონია.

გაერო-ში ლიხტენშტეინის მუდმივი წარმომადგენლის, კრისტიან ვენავეზერის განცხადებით, რეზოლუციის მიზანია, გაზარდოს გაერო-ს როლი მრავალმხრივ მიდგომაში და ყველა წევრის ხმა, ვისაც არ აქვს ვეტოს უფლება და არ არის უშიშროების საბჭოს წევრი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში. ვენავეზერმა აღნიშნა, რომ რეზოლუცია არ არის მიმართული უშიშროების საბჭოს რომელიმე კონკრეტული მუდმივი წევრის წინააღმდეგ; მაგრამ, როგორც მედია წერს, მიჩნეულია, რომ რეზოლუციამ გავლენა უნდა მოახდინოს რუსეთის პოზიციაზე, რომელიც ბოროტად იყენებს ვეტოს უფლებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

გაერო-ს უშიშროების საბჭო შედგება 15 წევრი ქვეყნისგან – ხუთი მუდმივი და 10 არამუდმივი, რომლებსაც ირჩევენ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ორი წლის ვადით. ხუთ ქვეყანას – დიდ ბრიტანეთს, ჩინეთს, რუსეთს, აშშ-ს და საფრანგეთს – აქვთ ვეტოს უფლება, ანუ მათ შეუძლიათ, დაბლოკონ უშიშროების საბჭოს ნებისმიერი გადაწყვეტილება.