გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიგრაციული პაქტი დაამტკიცა
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიგრაციული პაქტი დაამტკიცა

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიგრაციული პაქტი დაამტკიცა. როგორც ასამბლეის პრეზიდენტმა აღნიშნა, დოკუმენტის შესრულება იურიდიულად სავალდებულო არ არის და ის არ არღვევს არც ერთი ქვეყნის სუვერენიტეტს.

მიგრაციულ პაქტს მხარი 152 ქვეყანამ, მათ შორის საქართველომაც, დაუჭირა. წინააღმდეგი ხუთი ქვეყანა იყო. ესენია ისრაელი, პოლონეთი, ჩეხეთი და აშშ-ი. კიდევ 12-მა ქვეყანამ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. მათ შორის არის ავსტრია, ავსტრალია, ბულგარეთი, იტალია და შვეიცარია.

მიგრაციული პაქტის მიღებას გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერიში მიესალმა.

„მჯერა, რომ კოლექტიური ქმედებები, რომლებიც საყოველთაო კეთილდღეობისკენ არის მიმართული, ნდობის აღდგენის ერთადერთი გზაა“ – განაცხადა გუტიერიშმა.

მსოფლიო მიგრაციული პაქტი 10 დეკემბერს მაროკოში გამართულ სამთავრობათაშორისო კონფერენციაზე შეიმუშავეს. ის პირველად ადგენს შრომით მიგრანტებთან მოპყრობის საყოველთაო სტანდარტებს.

34-გვერდიანი შეთანხმება მიგრაციისადმი ერთობლივ მიდგომას ადგენს და ლტოლვილთა ნაკადის მართვისა და მათი უფლებების განსასაზღვრად 23 პუნქტს მოიცავს.

შეთანხმების მონაწილე ქვეყნები არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ერთობლივი ნაბიჯების გადადგმაზე თანხმდებიან.