გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, დავით ზალკალიანი უნგრელ კოლეგას შეხვდა
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, დავით ზალკალიანი უნგრელ კოლეგას შეხვდა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი/საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებით აღინიშნა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში საქართველოს ჩართულობა და მისი განსაკუთრებული როლი მოქალაქეების უსაფრთხო გამოყვანის პროცესში, რისთვისაც უნგრეთის მხარემ მადლობა გადაუხადა დავით ზალკალიანს. შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში საქართველოსა და უნგრეთის თანამშრომლობის კარგი პრაქტიკას და ამ პროცესში შემდგომი კოორდინაციის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს.

დავით ზალკალიანმა უნგრელ კოლეგას პანდემიის პერიოდში გამოვლენილი სოლიდარობისა და ჩინური ვაქცინების საქართველოში ტრანსპორტირების პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო პოსტპანდემიის პერიოდში სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირების განმტკიცების აუცილებლობასა და საინვესტიციო ურთიერთობების მიმართულებით არსებულ პოტენციალის უფრო აქტიურ გამოყენებას.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს უნგრეთის მხრიდან საქართველოს ღია და მკაფიო მხარდაჭერას, რომელსაც ქვეყანა აფიქსირებს ყველა მნიშვნელოვან საკითხში, როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორუმებზე. შეხვედრაზე ვიშეგრადის ჯგუფთან დიალოგის გაფართოების მნიშვნელობაზეც იმსჯელეს. ზალკალიანმა იმედი გამოთქვა, რომ ვიშეგრადის ჯგუფი უნგრეთის თავმჯდომარეობის პირობებშიც განაგრძობს საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხების მხარდაჭერას.

საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსაზრებები გაცვალეს რეგიონში არსებული გამოწვევებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარების შესახებ. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის განცხადებით, უნგრეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს სრულად უჭერს მხარს.

20-25 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ იორკს ვიზიტით ეწვია. ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. საქართველოს დელეგაციაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი შედიან.