გაერო-ს ბავშვთა ფონდმა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვებსა და პერსონალს კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალებები გადასცა
გაერო-ს ბავშვთა ფონდმა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვებსა და პერსონალს კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალებები გადასცა

თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში გაერო-ს ბავშვთა ფონდმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ჰიგიენური და პერსონალური დაცვის საშუალებები გადასცა.

ღონისძიება გახსნა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი, მერი მაღლაფერიძე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობისა დეპარტამენტის დირექტორი, ადამ შმიტი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი.

პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტურია დაცვის საშუალებების გამოყენება. გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ურთიერთობა აქვს ყველაზე მოწყვლად ბენეფიციარებთან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან, რისკ-ჯგუფებში შემავალ გარკვეული სამედიცინო გართულებების მქონე ბენეფიციარებთან, ასევე ხანდაზმულებთან, აუცილებელია, გვქონდეს ულევი მარაგი დამცავი საშუალებების. ჩვენი პარტნიორები გვერდით გვიდგანან ამ პროცესში, როგორც ტექნიკურად დამცავი საშუალებების მხარდაჭერით, ასევე ჩვენი პარტნიორები არიან იმ სისტემების გაძლიერების მიმართულებით, რომელიც პანდემიის პრევენციაზე არის ორიენტირებული სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ.

როგორც საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა აღნიშნა, გაერო-ს ბავშვთა ფონდი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, აგრძელებს COVID-19-ის პანდემიისგან თავდაცვის მიმართულებით წინა ხაზზე მომუშავე პერსონალის დახმარებას.

„საშუალებები, რომლებსაც ჩვენ დღეს გადავცემთ, დაეხმარება სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებების პერსონალს, ასევე, ბავშვებსა და ახალგაზრდებს, პანდემიის პირობებში საჭირო მომსახურებები მიიღონ. გაერო-ს ბავშვთა ფონდსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მჭიდრო, ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებთ სახელმწიფო ზრუნვის რეფორმის განხორციელების და დაუცველი ბავშვების და ახალგაზრდებისათვის ოჯახური ტიპის მომსახურებების შექმნასთან დაკავშირებით. მოხარული ვართ, განვაგრძოთ პარტნიორობა ამ მომსახურებების უსაფრთხო გარემოში გაგრძელების მიზნით“, – განაცხადა გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებმა.

როგორც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობისა დეპარტამენტის დირექტორმა, ადამ შმიტმა განაცხადა, განვითარების სააგენტოს მყისიერი რეაგირება ჰქონდა პანდემიაზე საქართველოში.

„ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ იქ, სადაც ყველაზე მეტად საჭიროა ჩარევა და გავაძლიეროთ საქართველოს ინსტიტუციები, რათა მათ მართონ ვირუსის გავრცელება. დღეს ჩვენ მიერ გადაცემული საშუალებები სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, განაგრძონ ბავშვების და ახალგაზრდების მხარდაჭერა“, – განაცხადა შმიტმა.

დატოვე კომენტარი