გაერო-ს ბავშვთა ფონდის კონსულტანტი - ბავშვთა უფლებების კოდექსის კანონპროექტი მოიცავს ძალადობის ფორმებისგან ბავშვის დაცვის გარანტიებს
გაერო-ს ბავშვთა ფონდის კონსულტანტი - ბავშვთა უფლებების კოდექსის კანონპროექტი მოიცავს ძალადობის ფორმებისგან ბავშვის დაცვის გარანტიებს

ბავშვთა უფლებების კოდექსის კანონპროექტი ითვალისწინებს ბავშვის მიმართ ფიზიკური დასჯის სასტიკი ან სხვა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას როგორც ოჯახში, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ჯანდაცვის სისტემასა და ყველა სხვა სივრცეში, სადაც შეიძლება იმყოფებოდეს, – ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის კონსულტანტმა ნანა ჩაფიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღემდე არსებული კანონმდებლობით, ფიზიკური დასჯა ხშირად გამოიყენება დისციპლინის ზომად როგორც ოჯახში, ასევე სხვა სივრცეში, მაგალითად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

„ეს გამოავლინა როგორც 2013 წელს ჩატარებულმა „იუნისეფის“ კვლევამ ძალადობის შესახებ, ასევე სახალხო დამცველის ანგარიშმა. კანონმდებლობით პირდაპირი აკრძალვა ფიზიკური დასჯის ან სხვა სახის დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბავშვის მიმართ დისციპლინის სახით არ არის არც ერთი დღეს არსებული კანონით გათვალისწინებული. დღეს წარმოდგენილი კანონპროექტი მოიცავს პირდაპირ და კონკრეტულ აკრძალვას, ასევე მოიცავს ძალადობის სხვა მძიმე ფორმებისგან ბავშვის დაცვის გარანტიებს, როგორიც არის შეტყობინების ეფექტური მექანიზმები, ასევე სერვისები და პროგრამები, რომელიც უნდა შეეთავაზოს ბავშვს ამა თუ იმ შემთხვევაში, თუ ის გახდება ძალადობის ან სხვა უფლებების დარღვევის მსხვერპლი“, – განაცხადა ჩაფიძემ.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად, დღეს ბავშვთა უფლებების კოდექსის პროექტი წარადგინა.