გაერო რელიგიურ ლიდერებს პანდემიასთან ბრძოლაში დახმარებას სთხოვს
გაერო რელიგიურ ლიდერებს პანდემიასთან ბრძოლაში დახმარებას სთხოვს

გაერო რელიგიურ ლიდერებს დახმარებას სთხოვს. როგორც ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტიერიშმა განაცხადა, რელიგიურ ლიდერებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ პანდემიასთან ბრძოლაში. კერძოდ, საუბარია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გავრცელებაზე, რაშიც გაერო-ს რელიგიური ლიდერების იმედი აქვს.

„ვინაიდან ჩვენ დეზინფორმაციის გავრცელებას ვებრძვით, მოვუწოდებ რელიგიურ ლიდერებს, გამოიყენეთ თქვენი საკომუნიკაციო საშუალებები, რათა მხარი დაუჭიროთ მთავრობას და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები უფრო ფართოდ გავრცელდეს. აუცილებელია, რომ სოციალური დისტანცია და ჰიგიენა დაცული იყოს რელიგიურ ცერემონიებზეც“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

გუტიერიშმა ასევე მოუწოდა რელიგიურ ლიდერებს, ებრძოლონ ცრუ და ყალბ ინფორმაციას, ასევე ქსენოფობიას, რასიზმსა და დისკრიმინაციის ნებისმიერ სხვა ფორმას.

მან განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი, რომ ქალთა მიმართ ძალადობა მიუღებელია.

„ეს ეწინააღმდეგება ნებისმიერ რელიგიას. მივმართავ ლიდერებს, კატეგორიულად დაგმონ ასეთი ქმედებები და მხარი დაუჭირონ პარტნიორობას, თანასწორობას, ურთიერთპატივისცემასა და თანაგრძნობას“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.