გაერო მოუწოდებს აზერბაიჯანსა და სომხეთს, შეასრულონ 2020 წელს მიღწეული სამმხრივი შეთანხმება
გაერო მოუწოდებს აზერბაიჯანსა და სომხეთს, შეასრულონ 2020 წელს მიღწეული სამმხრივი შეთანხმება

გაერო მოუწოდებს აზერბაიჯანსა და სომხეთს, შეასრულონ 2020 წელს მიღწეული სამმხრივი შეთანხმება. ამის შესახებ განცხადება გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, მიროსლავ იენჩამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა. სხდომაზე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ 12 სექტემბერს მომხდარი შეტაკებების შედეგად შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელეს.

როგორც გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სომხეთი და აზერბაიჯანი საზღვრის გასწვრივ დაძაბულობის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ, ხოლო გაერო-ს ამ ცნობების გადამოწმების საშუალება არ გააჩნია. ეინჩამ მოუწოდა მხარეებს, გადადგან ნაბიჯები დაძაბულობის განმუხტვისკენ.

„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები სახიფათო ესკალაციის გამო, მათ შორის ამ ესკალაციის შესაძლო შედეგებით სამოქალაქო პირებისთვის. ჩვენ მოვუწოდეთ მხარეებს, გადადგან დაუყოვნებლივი ნაბიჯები ვითარების განმუხტვისკენ. გაერო-ს სამუშაო ჯგუფების კარი როგორც სომხეთში, ისე აზერბაიჯანში ღიაა ორივე ქვეყნის ხელისუფლებისთვის და მზადყოფნაშია სათანადოდ უპასუხონ წარმოქმნილ ჰუმანიტარულ საჭიროებებს, თუ შესაბამისი მოთხოვნა იქნება და პირობები ამის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ.

მან ასევე მოუწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს, გადადგან ნაბიჯები ორი ქვეყნის საზღვრის დემარკაციისკენ, რაც უნდა მოხდეს ორივე ქვეყნის მიერ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების ჩარჩოში.