გაერო-მ უკრაინაში ომის დროს სამხედროების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ არსებული ვითარების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში დოკუმენტირებულია ადამიანის უფლებების დარღვევა ორივე მხრიდან.
მიშელ ბაჩელეტის თქმით, უკრაინაში დაღუპულთა დიდი რაოდენობა და ნგრევის მასშტაბები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და მიუთითებს იმაზე, რომ რუსი სამხედროების ქმედებები არ აკმაყოფილებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნებს. უმაღლესი კომისარი ასევე შეშფოთებულია, რომ უკრაინული ძალებიც სრულად არ იცავდნენ კანონს. მისი თქმით, არსებობს ცნობები უკანონო მკვლელობების თაობაზე და იზრდება მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ რუსეთის ძალებმა ჩაიდინეს საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევა. მისი თქმით, ორივე მხარის მიერ მოხდა მშვიდობიანი მოქალაქეების თვითნებური დაკავება, ხოლო შემზარავი ცნობები ორივე მხრიდან წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ, მათ შორის სამხედრო ტყვეების, კვლავაც შემოდის.
ბაჩელეტი აცხადებს, რომ დადასტურებულია დაღუპული ან დაშავებული 10 000 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის ან დაშავების ფაქტი და 335 ბავშვის დაღუპვა, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ დაღუპულთა რეალური რაოდენობა შეიძლება, ბევრად მეტი იყოს. ამასთან, დადასტურებულია 17 ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტი. ასევე, დადასტურებულია სექსუალური ძალადობის 28 შემთხვევა, რომელთა უმეტესობა რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მოხდა.
ანგარიში დაფუძლებულია გაერო-ს წარმომადგენლების 11 საველე ვიზიტზე, 517 ინტერვიუზე და დაკავების ცენტრებში სამ ვიზიტზე.