გაერო იემენის მთავრობასა და ჰუსიტებს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს
გაერო იემენის მთავრობასა და მეამბოხე ჰუსიტებს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს. მოლაპარაკებები ჟენევაში 6 სექტემბერს უნდა გაიმართოს.
იემენში გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი მარტინ გრიფიტი მიიჩნევს, რომ იემენის მთავრობის წარმომადგენლები მეამბოხეებს პირისპირ უნდა შეხვდნენ იმ მიზნით, რომ სამწლიან კონფლიქტს წერტილი დაესვას.
იემენის ომი 2015 წლის მარტში დაიწყო. მეამბოხე ჰუსიტებმა, რომლებიც ირანის მხარდაჭერით სარგებლობენ, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილზე კონტროლი დაამყარეს. კონფლიქტში იემენის მთავრობის მხარდასაჭერად საუდის არაბეთი ჩაერთო. ავიადარტყმებს საუდის არაბეთის მიერ ფორმირებული კოალიცია ბოლო წლებია ინტენსიურად ახორციელებს.
იემენში საბრძოლო მოქმედებებს 13 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. კონფლიქტის პარალელურად, ქვეყანაში ქოლერის ეპიდემია და შიმშილი მძვინვარებს, რის შედეგადაც 50 ათასი ადამიანი დაიღუპა.