გაერო - იემენის მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური შიმშილი ემუქრება
გაერო - იემენის მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური შიმშილი ემუქრება

გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე სებასტიანო კარდი აცხადებს, რომ იემენში სამოქალაქო ომის შედეგად საშინელი ჰუმანიტარული ვითარებაა შექმნილი. საბჭო საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედ სამხედრო კოალიციას მოუწოდებს, გააუქმონ იემენის ბლოკადა, რათა ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა შეძლონ.

არაბულმა კოალიციამ იემენის ბლოკადა ჰუსიტი ამბოხებულების მიერ ერ-რიადის მისამართით რაკეტების გაშვების შემდეგ დაიწყო.

როგორც გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში მარკ ლოუკოკმა განაცხადა, თუ საუდის არაბეთი კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს, იემენის მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური შიმშილი ემუქრება, რასაც შესაძლოა, მილიონობით ადამიანი ემსხვერპლოს. გაერო-ს მონაცემებით, ამჟამად ქვეყანაში შიმშილის ზღვარზე შვიდი მილიონი ადამიანი იმყოფება. ამასთან, 900 ათასი ადამიანი ქოლერით არის დაავადებული.
„საჭიროა, ბლოკადის შეწყვეტა. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ეს ადამიანები“, – განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.

4 ნოემბერს საუდის არაბეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს რაკეტა, რომელიც ერ-რიადის მისამართით იემენის ტერიტორიიდან ჰუსიტი ამბოხებულების დაჯგუფებამ „ანსარ ალამ“ ისროლა. საუდის არაბეთის მტკიცებით, ჰუსიტ მებრძოლებს იარაღით ირანი ამარაგებს, ამიტომ ერ-რიადმა იემენში იარაღის შეტანის აღსაკვეთად ქვეყნის ბლოკადა დაიწყო.

იემენში შეიარაღებული კონფლიქტი 2014 წლიდან გრძელდება. შიიტმა ჰუსიტებმა იემენის დედაქალაქი სანა 2015 წელს დაიკავეს. საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი არაბული კოალიცია ჰუსიტების წინააღმდეგ იბრძვის და მხარს გაქცეულ პრეზიდენტ, მანსურ ჰადის უჭერს.