გაერო ბოსნიაში ევროკავშირის სამხედრო მისიას განაახლებს
გაერო ბოსნიაში ევროკავშირის სამხედრო მისიას განაახლებს

სეპარატიზმის საშიშროების გამო, გაერო ბოსნიაში ევროკავშირის სამხედრო მისიას განაახლებს. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გაერო-ს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა ბოსნია ჰერცეგოვინაში ევროკავშირის სამხედრო მისიის მანდატის გაგრძელებას. კენჭისყრის გამართვის საჭიროება დადგა ბოსნიელი სერბების ლიდერების მხრიდან სეპარატისტული საფრთხეების გაძლიერების გამო, რაც ქვეყანაში არსებულ მშვიდ ვითარებას საფრთხეს უქმნის.

გადაწყვეტილება ევროკავშირის მანდატის განახლების შესახებ ერთხმად იქნა მიღებული. თუმცა, რუსეთმა დაბლოკა ბოსნიაში გაერო-ს წარმომადგენლის, კრისტიან შმიდტის მოხსენების მოსმენა. რუსეთის წარმომადგენლის განცხადებით, გერმანელი დიპლომატის მოხსენება ბოსნიაზე მიკერძოებულ და ანტისერბულ ხასიათს ატარებს.

კრისტიან შმიდტის მოხსენებით, დასავლეთ ბალკანეთის პატარა ქვეყანას შეიძლება, შეექმნას ომის შემდგომი პერიოდის ყველაზე დიდი ეგზისტენციალური საფრთხე, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა არ შეზღუდავს ბოსნიელი სერბების სეპარატისტულ ქმედებებს.

გერმანელი დიპლომატის თქმით, ბოსნიელი სერბები საფრთხის ქვეშ აყენებენ არა მხოლოდ ქვეყნისა და რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მიერ პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში, შეიძლება, გამოიწვიოს შეთანხმების გაუქმება, რომელმაც დაასრულა ბოსნიის ომი 1995 წელს.