გაძვირებული ცხოვრება და ამოწურული მოთმინება: რატომ გამოდიან ახალგაზრდა ევროპელები ქუჩაში?
ან-სოფი დე სტეურის ილუსტრაცია
გადატვირთული საკლასო ოთახები საფრანგეთში, მიუწვდომელი საცხოვრებელი ესპანეთსა და საბერძნეთში, სტუდენტური სტიპენდიების შემცირების გეგმა დანიაში და პოლიტიკური ცვლილებების მოთხოვნა ალბანეთში. ბოლო კვირებში მთელი კონტინენტის მასშტაბით ახალგაზრდა ევროპელები ქუჩებში გამოვიდნენ, რათა უკმაყოფილება გამოეხატათ და მრავალმხრივი მოთხოვნები წამოეყენებინათ. განსხვავებული მიზეზებისა და პოლიტიკური კონტექსტის მიღმა მათ საერთო საზრუნავი აერთიანებთ: შეძლებენ თუ არა სასურველი მომავლის აშენებას და უსმენენ თუ არა მათ საკუთარი მთავრობები?
სექტემბრის ბოლოს მადრიდის ცენტრალურ მოედანზე, პუერტა-დელ-სოლზე, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დაწყებული აქცია კვირების განმავლობაში მიმდინარე მოედნის დაკავებაში გადაიზარდა. მომიტინგეებს შორის იყო სტუდენტური გაერთიანების წევრი, 21 წლის ბრუნოც. „გულხელდაკრეფილი ვერ ვისხდებით“, განუცხადა მან საზოგადოებრივ მაუწყებელ RTVE-ს. მან აღწერა კრიზისი, რომელიც მას და მის თანაკურსელებს ეხებათ: ახალგაზრდებს საერთო ბინებში უწევთ შევიწროება, ან ლექციებზე მისასვლელად ყოველდღე გრძელი გზის გავლა სჭირდებათ. „სტუდენტური საერთო საცხოვრებლის გადასახადს ვეღარავინ სწვდება“, აღნიშნა მან. ბელგიაში სტუდენტების წარმომადგენელი, 23 წლის ორორი უნივერსიტეტის გადასახადებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებს შეუერთდა. „ბევრი რამ მაღიზიანებს და მაბრაზებს, განსაკუთრებით კი იმის განცდა, რომ ჩვენი არ ესმით“, თქვა მან. „ჩვენს საჭიროებებზე ვსაუბრობთ, მაგრამ პასუხს ვერ ვიღებთ“.
ბრუნოსა და ორორის მსგავსად, ასობით ათასი ახალგაზრდა გამოვიდა ევროპის ქუჩებში ესპანეთიდან ბელგიამდე, საფრანგეთში, საბერძნეთში, დანიაში, გერმანიაში, პორტუგალიასა და ალბანეთში. „ამ საპროტესტო ტალღას საერთო საფუძველი აქვს“, ამბობს ახალგაზრდა ისტორიკოსი და აქტივისტი მარია გონსალეს აკოსტა. „გაჩნდა თაობა, რომელსაც საკუთარი მომავლის წარმოდგენა აღარ შეუძლია. ეს უკავშირდება დემოკრატიული დაპირების რღვევას, იმ იდეის მსხვრევას, რომ თუ ბევრს იშრომებ, სამყაროში შენს ადგილს დაიმკვიდრებ“.
გადავადებული დამოუკიდებელი ცხოვრება
ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის (Eurostat) მონაცემებით, 2022 წელს ევროკავშირის 14 ქვეყანაში ახალგაზრდებმა მშობლების სახლი უფრო გვიან დატოვეს, ვიდრე ათი წლის წინ. 2025 წელს მშობლების ოჯახიდან ცალკე გადასვლის საშუალო ასაკმა 26,3 წელი შეადგინა. ეს მაჩვენებელი ესპანეთსა და იტალიაში 30,2 წელს აღწევს, ხორვატიაში კი 31,5 წელს.
21 წლის ირენესთვის, რომელიც მადრიდში, პუერტა-დელ-სოლზე მიმდინარე აქციას შეუერთდა, დედაქალაქის გარეუბან ტორეხონ-დე-არდოსში მშობლებთან ერთად ცხოვრება საკუთარი არჩევანი არ არის. „ქალაქის მეორე ბოლოში ვსწავლობ და ყოველდღე ოთხ საათს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვატარებ, რადგან უფრო ახლოს ცხოვრების საშუალება არ მაქვს“, განუცხადა მან RTVE-ს. ამაში გარკვეულ როლს კულტურული ტრადიციები და ოჯახური წყობაც თამაშობს, თუმცა გადამწყვეტი მაინც ბინის ფასები, სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერა და დასაქმების შესაძლებლობებია. ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ესპანეთი, იტალია, ხორვატია და საბერძნეთი, სადაც ახალგაზრდები მშობლებთან უფრო დიდხანს რჩებიან, ევროკავშირში ახალგაზრდების დასაქმების ყველაზე დაბალი მაჩვენებლითაც გამოირჩევიან.
საბერძნეთში საბინაო კრიზისი განსაკუთრებით მწვავეა: ყოველი მეოთხე ახალგაზრდა საკუთარი შემოსავლის სულ მცირე 40%-ს საცხოვრებელზე ხარჯავს, მაშინ როცა ევროკავშირის მასშტაბით ეს მაჩვენებელი ყოველ მეათეზე ნაკლებს შეადგენს. საზოგადოებრივი მაუწყებელ ERT-ის ცნობით, სტუდენტური გაერთიანებების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებლები მოთხოვნის მხოლოდ 4,8%-ს აკმაყოფილებს. საცხოვრებლის დეფიციტი იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ოქტომბერში სტუდენტებმა ათენში, სინტაგმის მოედანსა და ქალაქ სალონიკში კარვები გაშალეს. თუმცა მათი მოთხოვნები მხოლოდ საცხოვრებლით არ შემოიფარგლება. „ვითხოვთ დაფინანსების გაზრდას, ინფრასტრუქტურის განახლებასა და სტუდენტების ფინანსურ მხარდაჭერას“, განუცხადა ლიეტუვურ მაუწყებელ LRT-ს 22 წლის მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტმა, ნიკოს ალექსიადისმა.
განათლების პრობლემები პროტესტის ეპიცენტრში
საზოგადოების ყურადღების ცენტრშია საჯარო განათლების მდგომარეობაც. „სკოლის შენობები საშინელ დღეშია და მოუვლელია“, უთხრა საინფორმაციო სააგენტო AFP-ს ათენში 17 წლის იანის პაპანიკოლაუმ. „ცვივა ბათქაში, ჩამსხვრეულია ფანჯრები, არ მუშაობს გათბობა“. Eurostat-ის მონაცემებით, 2023 წელს საბერძნეთმა განათლებაზე მშპ-ს 3,3% დახარჯა, მაშინ როცა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი 4,7%-ს შეადგენდა. ქვეყნის საშუალო სკოლების მასწავლებელთა პროფკავშირის შეფასებით, სისტემას 15 000 პედაგოგი აკლია.
სკოლებში პირობების გაუარესებამ საპროტესტო ტალღა საფრანგეთშიც გამოიწვია. პარიზის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთი ლიცეუმის მოსწავლე, 16 წლის ილიესი უკმაყოფილოა შენობის მდგომარეობითა და ელემენტარული ჰიგიენური საშუალებების ნაკლებობით. „მოსწავლეებს ზოგჯერ მთელ სკოლაში უწევთ ტუალეტის ქაღალდის ძებნა“, განუცხადა მან საფრენგეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პორტალ Franceinfo-ს. მან ყურადღება გაამახვილა იმ კონტრასტზე, რომელიც საკლასო ოთახებში დამონტაჟებულ ძვირადღირებულ ინტერაქტიულ ეკრანებსა და ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთების დეფიციტს შორის არსებობს. ბრეტინი-სიურ-ორჟში მდებარე მისი სკოლა იმ ასობით სასწავლო დაწესებულებას შორისაა, რომლებიც საფრანგეთში ბოლოდროინდელი პროტესტის ტალღის დროს მოსწავლეებმა გადაკეტეს. „პრობლემაა მასწავლებლების ნაკლებობაც: რამდენიმე ლიცეუმში მოსწავლეებს თვეების განმავლობაში არ უტარდებათ ფრანგული ენა, მათემატიკა ან ფილოსოფია, მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლოს ამ საგნებში გამოსაშვები გამოცდები უნდა ჩააბარონ“, განუცხადა Franceinfo-ს საფრანგეთის მოსწავლეთა კავშირის (USL) თანაგენერალურმა მდივანმა, მარიუს მენილმა. „ჩვენ სწავლისთვის ელემენტარულ პირობებს ვითხოვთ და არა რაიმე რევოლუციურს: სკოლაში სიარულის, გამოცდებისთვის მომზადებისა და სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უფლებას“.
ყოველი მეოთხე ახალგაზრდა ევროპელი სიღარიბის ან სოციალური გარიყულობის რისკის ქვეშაა
Eurostat-ის მონაცემებით, 2025 წელს ევროკავშირში მცხოვრები 15-დან 29 წლამდე ასაკის ყოველი მეოთხე ადამიანი (24%) სიღარიბის ან სოციალური გარიყულობის რისკის ქვეშ იმყოფებოდა. ეს წილი სლოვენიაში 10,6%-ს შეადგენს, რუმინეთში კი 30,8%-მდე აღწევს. საბერძნეთში სიღარიბის ან სოციალური გარიყულობის რისკის ქვეშ ახალგაზრდების 30% იყო, ხოლო თითქმის ყოველი მეშვიდე მძიმე მატერიალურ და სოციალურ გაჭირვებას განიცდიდა, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.
თუმცა სიღარიბის მაჩვენებლები ქვეყნების მიხედვით განსხვავებულ სურათს ხატავს. Eurostat-ის მიხედვით, დანიაშიც კი, რომელიც ხშირად „მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების“ რეიტინგის სათავეშია, 2025 წელს სიღარიბის ან სოციალური გარიყულობის რისკის ქვეშ თითქმის ყოველი მესამე ახალგაზრდა იმყოფებოდა, რაც ოდნავ აღემატება საბერძნეთის მაჩვენებელს. ეს არ ნიშნავს, რომ დანიელ ახალგაზრდებს ბერძენ თანატოლებზე მეტად უჭირთ. სხვა ევროპელებთან შედარებით, დანიელები მშობლების სახლს ძალიან ადრეულ ასაკში ტოვებენ, სტუდენტები კი დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ და სახელმწიფო სტიპენდიით ან ნახევარ განაკვეთზე გამომუშავებული თანხით ცხოვრობენ. ვინაიდან დანიაში ეროვნული მედიანური შემოსავალი მაღალია, სტუდენტები შესაძლოა ფორმალურად სიღარიბის ფარდობითი ზღვრის მიღმა აღმოჩნდნენ, მიუხედავად იმისა, რომ უფასო განათლებითა და სოლიდური სახელმწიფო ფინანსური დახმარებით სარგებლობენ. სწორედ სასწავლო სტიპენდიების შემცირების გეგმის გამო მოაწყვეს სტუდენტებმა მსვლელობა კოპენჰაგენში 4 ნოემბერს. აგრონომიის ფაკულტეტის 23 წლის სტუდენტის, კირან ჰინდშოუსთვის ეს შემცირებები დანიის სოციალური კეთილდღეობის ტრადიციის ღალატის ტოლფასია: „მაბრაზებს ის, რომ დანიაში, როგორც იქნა, მივიღეთ ეგრეთ წოდებული „წითელი“ მთავრობა მემარცხენე პარტიების მონაწილეობით, მაგრამ ისინი მაინც ამცირებენ სოციალურ დახმარებებსა და ახალგაზრდების მხარდაჭერას, მაშინ როცა კორპორაციული გადასახადების შემცირებასა და შეიარაღებას აფინანსებენ“, განუცხადა მან AFP-ს.
გაუარესებული პერსპექტივები და გაზრდილი უთანასწორობა
საერთო ევროპული ეკონომიკური მაჩვენებლები მდგომარეობის მკვეთრ, საყოველთაო გაუარესებაზე არ მიუთითებს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ახალგაზრდებს შორის უმუშევრობა დაახლოებით 22%-დან 15%-მდე შემცირდა, სიღარიბის დონე კი შედარებით სტაბილური დარჩა. თუმცა ეს საერთო ტენდენციები მზარდ უთანასწორობასა და გაუარესებულ პერსპექტივებს ნიღბავს. ევროკომისიის 2025 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდა ევროპელები შემოსავლების სტაგნაციას, სიღარიბის მზარდ რისკსა და დაბალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს აწყდებიან, თავად ახალგაზრდებს შორის კი შემოსავლების უთანასწორობა კიდევ უფრო ღრმავდება.
მაგალითად, ბელგიაში, ბრიუსელში სტუდენტური ოთახის მედიანური ქირა ბოლო ექვს წელიწადში 26%-ით გაიზარდა, ხოლო მომუშავე სტუდენტების რაოდენობამ რვა წელიწადში 25%-ით მოიმატა. „ჩვენ მიერ გამოკითხული მომუშავე სტუდენტების დაახლოებით ნახევარი ამას უკიდურესი აუცილებლობის გამო აკეთებს“, განმარტა სოციოლოგმა პოლ ლოდევიკმა ბელგიის ფრანგულენოვანი საზოგადოებრივი მაუწყებლის RTBF-ის რადიო La Première-ის ეთერში. „წნეხი განსაკუთრებით დიდია მათზე, ვისაც სხვა არჩევანი არ აქვს“. ორორმა ეს წნეხი საკუთარ თავზე გამოსცადა. ლიეჟის უნივერსიტეტში სწავლის მეორე კურსზე მას პროფესიული გადაწვა დაემართა, რადგან სწავლის პარალელურად ორ სტუდენტურ სამსახურში მუშაობდა. ახლა კი სამსახურის პოვნაც კი პრობლემად იქცა. „იმ სფეროებშიც კი, სადაც გამოცდილება მაქვს, ვაკანსიის პოვნა ძალიან გართულდა“, ამბობს ის. „გვეუბნებიან, „თუ მოინდომებ, ყველაფერს შეძლებო“, მაგრამ ამის უკან კონკრეტული მატერიალური რეალობა დგას“.
ბუნდოვანია მომავალი ახალგაზრდა ალბანელებისთვისაც. Eurostat-ის მონაცემებით, ქვეყანაში ახალგაზრდების თითქმის 40% სიღარიბის ან სოციალური გარიყულობის რისკის ქვეშაა, ხოლო ყოველი მეხუთე არც მუშაობს, არც სწავლობს და არც პროფესიულ გადამზადებას გადის. „ეს, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური მდგომარეობის ბრალია“, განუცხადა შვეიცარიის საზოგადოებრივ მაუწყებელ SRF-ს ტირანაში მცხოვრებმა 22 წლის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტმა, იური ტაულაუმ. ბევრი სტუდენტი სწავლის პარალელურად სრულ განაკვეთზე მუშაობს, თუმცა თავის გატანა მაინც უჭირს, რადგან ოჯახებს მათი ფინანსური დახმარების შესაძლებლობა ხშირად არ აქვთ. პერსპექტივა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგაც უიმედო რჩება: ქვეყნის სწრაფად მზარდ ტურისტულ სექტორში შექმნილი სამუშაო ადგილების დიდი ნაწილი სეზონური და დაბალანაზღაურებადია. „ვხედავთ, რამდენი შესაძლებლობა შეიძლება არსებობდეს და რა აკლია ალბანეთს დანარჩენ ევროპასთან შედარებით“, ამბობს იური.
გაურკვეველი მომავლის შეგრძნება მხოლოდ შემოსავლებითა და დასაქმების პერსპექტივებით არ შემოიფარგლება. „ევროპული პერსპექტივის” კორესპონდენტების და რედაქტორების მიერ ჩაწერილ ინტერვიუებში ევროპელი ახალგაზრდები შეშფოთებას გამოთქვამენ ომისა და გეოპოლიტიკური არასტაბილურობის, კლიმატის ცვლილების, ხელოვნური ინტელექტის შესაძლო გავლენისა და საპროტესტო აქციებზე საპოლიციო რეპრესიების გამოც.
უფრო მეტი, ვიდრე გაძვირებული ცხოვრება
ბევრ ქვეყანაში სტუდენტური გამოსვლები პოლიტიკური ცვლილებებისთვის დაწყებული უფრო ფართო მოძრაობის ნაწილად იქცა. ალბანეთში სწავლის საფასურისა და საუნივერსიტეტო პირობების გასაპროტესტებლად გამოსული ახალგაზრდები შეუერთდნენ ფართომასშტაბიან ანტისამთავრობო მოძრაობას, რომელიც „ფლამინგოს რევოლუციის“ სახელითაა ცნობილი. მოძრაობა გარემოსდაცვითი პრობლემების გამო დაიწყო, თუმცა მალევე პოლიტიკური ანგარიშვალდებულებისა და კორუფციასთან ბრძოლის მოთხოვნებში გადაიზარდა. გერმანიაში მოძრაობამ Gen Z regelt („თაობა Z აგვარებს“) გააერთიანა მოთხოვნები სკოლების დაფინანსების გაზრდის, კლიმატის დაცვისა და სავალდებულო სამხედრო გაწვევის გაუქმების შესახებ. იტალიაში ოქტომბერში უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ საფრანგეთით შთაგონებულ საპროტესტო ტალღას და ქვეყნის მასშტაბით გამართეს დემონსტრაციები ლოზუნგით „დღე მელონის გარეშე“ (No Meloni Day). სერბეთში კი ნოვი-სადის რკინიგზის სადგურის გადახურვის ტრაგიკული ჩამონგრევის შედეგად დაწყებული თითქმის ორწლიანი სტუდენტური ანტიკორუფციული პროტესტი არჩევნებში სტუდენტების მიერ მხარდაჭერილი მოძრაობის გამარჯვებით დაგვირგვინდა.
„იმ რისკის ფონზე, რომ ულტრამემარჯვენე ძალებმა შესაძლოა ეს უკმაყოფილება მტრისა და დამნაშავის ძიებისკენ მიმართონ, ვხედავთ, რომ ქუჩაში გამოსული ახალგაზრდები ძალიან საინტერესო, დისკუსიაზე დაფუძნებულ, დემოკრატიულ და პერფორმატიულ მოძრაობებს ქმნიან. ამით ისინი ინსტიტუტებს ეუბნებიან, რომ ამ სამყაროში საკუთარ ადგილს ვერ პოულობენ“, განუცხადა RTVE-ს ისტორიკოსმა მარია გონსალეს აკოსტამ. „ახალგაზრდებში დიდი დემოკრატიული ენერგიაა და ინსტიტუტები მათ მოსმენას დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ, რადგან გულგრილობა დაკნინების სიმპტომი იქნება“.

„ევროპული პერსპექტივა” ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) სარედაქციო თანამშრომლობის ინიციატივაა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლების ნიუსრუმებს აერთიანებს. ვრცლად წაიკითხეთ აქ.
მასალაზე მუშაობდნენ: მარი ოსპიტალი (AFP), პეტრა ციმერმანი და ლენა ზაუერერი (BR), ევი ცირიგოტაკი (ERT), ალის კური (Franceinfo), გორკა სუბისარეტა (RTVE), იულიან ჰოროდისკი (PR), ჟულიენ ლევეკი (RTBF).
მონაცემთა ვიზუალიზაცია: ლუკ მარტინონი.
ვიდეო: ლუის გარსია ფუსტერი.
ილუსტრაცია: ან-სოფი დე სტეური.
ტექსტი და კოორდინაცია: ალექსიან ლერუჟი.
რედაქტორი: ბელენ ლოპეს გარიდო.
სტატიის მომზადებაში მონაწილეობდნენ: BR (გერმანია), ERT (საბერძნეთი), Franceinfo (საფრანგეთი), RTBF (ბელგია), RTVE (ესპანეთი), LRT (ლიეტუვა) და AFP.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მოამზადა: ილია სადღობელაშვილმა