გაძარცვიდან 9 თვის შემდეგ, ლუვრის გალერეა „აპოლო“ ხელახლა მიიღებს ვიზიტორებს
ლუვრის გალერეა "აპოლო", სადაც გასული წლის ოქტომბერში შთამბეჭდავი ძარცვა მოხდა, ვიზიტორებისთვის ხელახლა გაიხსნება
საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, ლუვრის გალერეა „აპოლო“, საიდანაც გასული წლის ოქტომბერში საიუველირო ნაკეთობები გაიტაცეს, ოთხშაბათს, 22 ივლისს, დამთვალიერებლებისთვის ხელახლა გაიხსნება. საქმის კურსში მყოფი წყაროს ცნობით, განახლებულ გალერეაში საგამოფენო ნივთები და საიუველირო ნაკეთობები წარმოდგენილი არ იქნება.
„პარიზის ცნობილი მუზეუმის გალერეა ოთხშაბათს გაიხსნება“, – განუცხადა წყარომ „ფრანს პრესს“და ამით გამოცემა „ლე პარიზიენის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.
თავის მხრივ, საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ „ფრანს პრესს“ აუწყა, რომ გახსნის ცერემონიას მინისტრი კატრინ პეგარიც დაესწრება.
„ლე პარიზიენთან“ ინტერვიუში, ლუვრის დირექტორმა, კრისტოფ ლერიბომ აღნიშნა, რომ რომ „აპოლოში“ დაცული კოლექციები და სხვა ფასეული ექსპონატები, ქურდობის შემდეგ გალერეის დახურვის გამო, უსაფრთხო ადგილას გადაიტანეს.
დარბაზი, საიდანაც ძვირფასეულობა მოიპარეს, სავარაუდოდ, თავის პირვანდელ, XVII საუკუნის დროინდელ ფუნქციას დაიბრუნებს და მას კვლავ საზეიმო ცერემონიებისთვის განკუთვნილ გალერეად გამოიყენებენ.
2025 წლის 19 ოქტომბერს, დღისით-მზისით, ქურდებმა „აპოლოდან“ რვა ძვირფასი ნივთი მოიპარეს, რომლებიც დღემდე არ არის ნაპოვნი. გატაცებული სამკაულების ღირებულება 88 მილიონ ევროდ შეფასდა.
„იმ ექსპონატების განსათავსებლად, რომლებიც არ მოუპარავთ, მუზეუმის სხვა ნაწილში უფანჯრო საცავი – „დაცული ოთახი“ – მოეწყობა“, – დასძინა მუზეუმის დირექტორმა, კრისტოფ ლერიბომ.
ლუვრში მომხდარმა ქურდობამ, მსოფლიო მასშტაბით, დიდი გამოხმაურება გამოიწვია და უსაფრთხოების დაცვის კუთხით სერიოზული ხარვეზები გამოავლინა მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ მუზეუმში, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 9 მილიონ ვიზიტორს მასპინძლობს.
ამ თავხედურმა ქმედებამ ასევე გამოიწვია კრიზისი თავად მუზეუმის შიგნით, რასაც მისი დირექტორის, ლორონს დე კარის კრისტოფ ლერიბოთი ჩანაცვლება მოჰყვა.
როგორც მიმდინარე წლის მაისის შუა რიცხვებში მუზეუმების უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, ბოლო წლებში ლუვრში უსაფრთხოების საკითხები „მეორე პლანზე იყო გადაწეული“.