გაჟონილი დოკუმენტები რუს ოლიგარქებთან და ეპშტეინთან „დოიჩე ბანკის“ კავშირებს ააშკარავებს
„დოიჩე ბანკის“ აქციები მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო მედიასაშუალებებმა, მილიონობით გაჟონილ ელექტრონულ წერილსა და სხვა დოკუმენტებზე დაყრდნობით, გამოაქვეყნეს რეპორტაჟები, რომლებიც გერმანული საბანკო გიგანტის წარსულის საეჭვო საქმიან პრაქტიკას ააშკარავებს / ფოტოზე: „დოიჩე ბანკის“ სათავო ოფისის აბრა მაინის ფრანკფურტში
„დოიჩე ბანკის“ შიდა კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით ახალი კითხვები დოკუმენტების იმ მასშტაბური გაჟონვის შემდეგ გაჩნდა, რომლებშიც რუს ოლიგარქებთან და გარდაცვლილ სექსუალურ დამნაშავესთან, ჯეფრი ეპშტეინთან ბანკის ურთიერთობები დეტალურად არის აღწერილი.
გაჟონილი მასალა 15 მილიონზე მეტ ფაილს მოიცავს, მათ შორის – თითქმის 9 მილიონ ელექტრონულ წერილს, რომლებიც საინფორმაციო საშუალებების გლობალურ კონსორციუმის ხელში აღმოჩნდა.
გერმანულმა გამოცემა „შპიგელმა“ ეს შემთხვევა მსოფლიოში საბანკო მონაცემების, სავარაუდოდ, ყველაზე მასშტაბურ გაჟონვად შეაფასა.
ფაილებში აღწერილი საქმიანობის დიდი ნაწილი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე პერიოდს ეხება.
მასალა ჟურნალისტებს ინსაიდერებმა გადასცეს და ის, ძირითადად, ბანკის ფინანსური დანაშაულის პრევენციის განყოფილებებში, აგრეთვე მაღალი რისკის კლიენტებისა და ტრანზაქციების მომსახურებაზე პასუხისმგებელ დეპარტამენტებში არის მოპოვებული.
დოკუმენტების შესწავლა მოხდა საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა Inside Deutsche Bank-ი. მასში, სხვებთან ერთად, ჩართულნი იყვნენ გერმანული მაუწყებელი ZDF-ი, „ნიუ იორკ თაიმსი“, „ფაინენშალ თაიმსი“ და „ლე მონდი“.
ZDF-ის ინფორმაციით, გაჟონილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ბანკი „ხშირად უგულებელყოფდა შიდა გაფრთხილებებს, რათა პრობლემური ტრანზაქციები გაეგრძელებინა ან ახალი კლიენტები მოეზიდა“.
სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, აღნიშნული პუბლიკაციების შემდეგ, სამშაბათს, ბანკის აქციები თითქმის 6 პროცენტით დაეცა.
რუსეთში საქმიანობის გაფართოება
დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2021 წლის აპრილში „დოიჩე ბანკმა“ რუსეთში საქმიანობის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
ეს მოხდა იმის მიუხედავად, რომ ნიუ-იორკის ფინანსური მარეგულირებლის მიერ დანიშნული იურისტები, რამდენიმე თვით ადრე, ბანკს მოუწოდებდნენ, დაუყოვნებლივ განეხილა რუსეთთან დაკავშირებული საქმიანობის შეჩერების საკითხი.
შიდა შემოწმებამ გამოავლინა საეჭვო ფულადი ნაკადები, რომლებსაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქებისთვის, შესაძლოა, სარგებელი მოეტანა.
დოკუმენტების თანახმად, 2020 წლის ბოლოსთვის ბანკი, სულ მცირე, 46 რუს ოლიგარქს ემსახურებოდა, მათ შორის – რომან აბრამოვიჩსა და ალექსეი მორდაშოვს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, „დოიჩე ბანკი“ კვლავ აძლევდა მრავალმილიონიან მოკლევადიან სესხებს რუსულ „სბერბანკს“.
კრედიტორმა ბანკმა „შპიგელს“ განუცხადა, რომ 2014 წლიდან მნიშვნელოვნად შეამცირა თავისი ოპერაციები რუსეთში, შემდგომი ტრანზაქციები კი შერჩევითი იყო და მკაცრად კონტროლდებოდა.
ეპშტეინთან დაკავშირებული საეჭვო ტრანზაქციები
გარდაცვლილი ამერიკელი ფინანსისტი და სექსუალური დამნაშავე, ჯეფრი ეპშტეინი „დოიჩე ბანკის“ კლიენტი 2013 წელს, ანუ მას შემდეგ გახდა, რაც სასჯელი ციხეში უკვე მოხდილი ჰქონდა.
2020 წელს ჩატარებულმა შიდა შემოწმებამ ეპშტეინისა და მასთან დაკავშირებული პირების მონაწილეობით 3 000-ზე მეტი ტრანზაქცია გამოავლინა, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 580 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.
ბანკმა აშშ-ის შესაბამის ორგანოებს საეჭვო საქმიანობის შესახებ 21 შეტყობინება გაუგზავნა, რომლებიც ქალებისთვის განხორციელებულ გადახდებსა და ფიქციური კომპანიების მონაწილეობით განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციებს ეხებოდა.
ჯეფრი ეპშტეინის ბოლო ანგარიშები 2019 წლის ივლისში, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით მისი დაკავებიდან სამი დღის შემდეგ დაიხურა.
„დოიჩე ბანკმა“ აღიარა, რომ გარდაცვლილ ფინანსისტთან საქმიანი ურთიერთობების დაწყება შეცდომა იყო და აღნიშნა, რომ მარეგულირებელ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობდა.
ბანკმა ასევე დაადასტურა, რომ აღწერილი შემთხვევებიდან ბევრი უკვე შესწავლილი ჰქონდა და 2019-2025 წლებში, შიდა კონტროლის მექანიზმების გასაძლიერებლად, დამატებით 7 მილიარდი ევრო გამოყო.