გადი მოზესი - 482 დღე მარტო ვიყავი „ჰამასის“ ტყვეობაში და ახლა საქართველოში ჩამოვედი, რათა ეს ამბავი მომეყოლა
გადი მოზესი - 482 დღე მარტო ვიყავი „ჰამასის“ ტყვეობაში და ახლა საქართველოში ჩამოვედი, რათა ეს ამბავი მომეყოლა

482 დღე მარტო ვიყავი „ჰამასის“ ტყვეობაში და ახლა საქართველოში ჩამოვედი, რათა ეს ამბავი მომეყოლა, – ამის შესახებ „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებულმა გადი მოზესმა საქართველოში ისრაელის საელჩოში, ქვეყნის დამოუკიდებლობის 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ღაზაში მყოფი მძევლების გასათავისუფლებლად ყველა ღონე უნდა იქნეს გამოყენებული.

„50 წელია, რაც ქართველ ხალხთან მაქვს ურთიერთობა. ეს ჩემი 42-ე ვიზიტია საქართველოში. განსაკუთრებული მხარდაჭერა მაქვს და მიყვარს საქართველოში მცხოვრები ფერმერები. ვფიქრობ, ბევრ ქართველ ფერმერს კარგი ურთიერთობა აქვს ჩემთან. ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. პირველი მიზანი, რატომაც აქ მოვედი, 7 ოქტომბრის შესახებ ჩემი ისტორიის მოყოლაა. შაბათს, დილით სახლიდან ღაზაში წამიყვანეს. იმ მომენტიდან მოწყვეტილი ვიყავი მთელ სამყაროს, 482 დღე მარტო ვიყავი და ახლა აქ მოვედი, რომ ეს ამბავი მომეყოლა, ჩემი საკუთარი ისტორია. ასევე მოვედი, რათა გთხოვოთ, რომ ღაზაში მყოფი 58 მძევლის საკითხი მაგიდაზე განსახილველად დავდოთ. ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, არ გვაქვს უფლება, ეს საკითხი განხილვის გარეშე დავტოვოთ. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ მათ გასათავისუფლებლად, რათა სახლში დაბრუნების საშუალება მივცეთ, როგორც გარდაცვლილებს, ასევე ცოცხლებს. მესამე მიზანი არის, რომ მოვყვე, როგორ დაანგრიეს ჩემი სახლი, მე კიბუცში ვცხოვრობ, საზღვართან ახლოს და მათ სახლების 85 პროცენტი გაანადგურეს, ეს სოფელი, კიბუცი, დაანგრიეს. ასე რომ, აქ ვარ ჩემი ისტორიის მოსაყოლად, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვართ დაზარალებულები“, – განაცხადა გადი მოზესმა.