ინგლისის პრემიერლიგის პირველი ტური ლონდონის „ჩელსის“ მატჩით დასრულდა. „არისტოკრატები“ სტუმრად „ბრაიტონის“ წინააღმდეგ თამაშობდნენ და 3:1 მოიგეს.
ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე „ჩელსი“ ყველაზე აქტიური იყო – ახალი სეზონის წინ მან დაიმატა ტიმო ვერნერი, კაი ჰავერცი, ჰაკიმ ზიეჩი, ტიაგო სილვა და ბენ ჩილუელი. ამ ხუთეულიდან სასტარტო შემადგენლობაში ჰავერცი და ვერნერი ვიხილეთ და სწორედ ამ უკანასკნელმა მოუტანა თავის გუნდი პენალტი, რომელიც 23-ე წუთზე ჟორჟინიომ გამოიყენა და „ჩელსი“ დააწინაურა.
54-ე წუთზე „ბრაიტონმა“ ტროსარის გოლით გაათანაბრა. ამ ეპიზოდში აშკარად შეცდა ლონდონელთა მეკარე კეპა არისაბალაგა, რაც, ალბათ, „ჩელსის“ ხელმძღვანელობას აიძულებს ახალი მეკარის შეძენაზე იფიქროს.
სტუმრებმა მაინც შეძლეს მოგება – 10 წუთის ინტერვალით რის ჯეისმა და კურტ ზუმამ გაიტანეს და „ჩელსიმ“ პირველი სამი ქულა მოიპოვა.