გადაჯვარედინებული მიზნები: შვეიცარიის უნიკალური დროშა

14:51, 09.08.2026
1 აგვისტოს, ეროვნულ დღესასწაულზე, ზენტისში, სადაც სამი შვეიცარიული კანტონის საზღვარი იკვეთება, ყოველწლიურად იშლება მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის (80x80 მეტრი) შვეიცარიული დროშა

1 აგვისტოს, ეროვნულ დღესასწაულზე, ზენტისში, სადაც სამი შვეიცარიული კანტონის საზღვარი იკვეთება, ყოველწლიურად იშლება მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის (80x80 მეტრი) შვეიცარიული დროშა

„შვეიცარიის დროშა დიდი ზომის მიმატების ნიშანია“ – „გვასწავლის“ ძველი ხუმრობა. თუმცა, ირონიულ მიდგომასთან ერთად, ასევე არსებობს რამდენიმე უპირატესობა და თავისებურება, რაც ბევრად სცდება მათემატიკურ ნიშანთან მსგავსებას.

ამოტრიალებული შვეიცარიული დროშა/ფოტოს ავტორი: Creative Commons CC BY-SA

შვეიცარიის დროშას, რომელიც კვადრატული ფორმის მქონე ერთადერთი ეროვნული დროშაა (ვატიკანის დროშას თუ არ ჩავთვლით), ის უპირატესობა აქვს, რომ უფრო უნივერსალურია – რომელი მხარეც არ უნდა გამოიყენოთ საფუძვლად, ის ყოველთვის სწორი მხარე იქნება. ამიტომ, როდესაც ვინმე შვეიცარიელებს „კვადრატული მენტალიტეტის“ გამო დასცინებს, შეგიძლიათ, ეს უცნაური ფაქტი შეახსენოთ.

გარდა ამისა, შვეიცარიული ჯვარი (ფორმალურად, ბერძნული ჯვარი) ადვილად ამოსაცნობი და მინიმალისტური სიმბოლოა, რაც მას ასევე ძალიან პოპულარულს ხდის გრაფიკული დიზაინის სამყაროში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ე.წ. „შვეიცარიულ სტილს“ ეხება. მან საერთაშორისო აღიარება XX საუკუნის 50-60-იან წლებში მოიპოვა და ფორმალური ლაკონიურობითა და კონცეპტუალური სიძლიერით ხასიათდება. შვეიცარიული ჯვარი მას იდეალურად შეესაბამება; შვეიცარიული პასპორტის ბოლო ვერსიის დათვალიერებისას, ამის საილუსტრაციოდ, უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

შვეიცარიული ჯვრები ახალ ბიომეტრიულ პასპორტში/ფოტოს ავტორი: კრისტიან ბოიტლერი, შვეიცარიის საინფორმაციო სააგენტო „კისტონი“

რაც შეეხება სიმბოლიკას, ხშირად გაიგონებთ, რომ დროშის კვადრატულობა და ერთგვაროვნება ნეიტრალიტეტის, დემოკრატიისა და თავისუფლების შეხსენებაა, ხოლო ჯვრის ოთხი მკლავი ოთხ ეროვნულ ენას განასახიერებს, რომლებიც განსხვავებულები, მაგრამ ერთიანნი არიან. მართალია, ეს მოსაზრებები მიმზიდველი და საინტერესოა, მაგრამ მათ ისტორიული საფუძველი არ გააჩნიათ.

პირველი ოფიციალური დროშა: ტრიკოლორი

თუმცა, მოვლენები შეიძლებოდა სრულიად სხვაგვარად განვითარებულიყო. 1798 წელს, საფრანგეთის ზეწოლის შედეგად, შვეიცარია რესპუბლიკად (ჰელვეციის რესპუბლიკად) ჩამოყალიბდა. შემოიღეს შვეიცარიული ფრანკი და ქვეყანამ მიიღო თავისი პირველი ოფიციალური დროშა – ტრიკოლორი, რომელიც, საერთოდ, ნაპოლეონის სისუსტეს წარმოადგენდა. ჰელვეციის ტრიკოლორს იგივე ფერები ჰქონდა, რაც დღევანდელი მალის დროშას აქვს – მწვანე, წითელი და ყვითელი.

ჰელვეციის რესპუბლიკის მედროშე/ავტორი: გეორგ ლეონჰარდ ჰარტმანი (1764-1828) ნახატი ინახება სენტ-გალენის კანტონის კულტურის დეპარტამენტში

შვეიცარიის უნიტარულ სახელმწიფოდ ქცევის ექსპერიმენტმა დიდხანს არ გასტანა. თავად ნაპოლეონს აქვს ნათქვამი: „ბუნებამ შვეიცარია სახელმწიფოთა ლიგად აქცია; არც ერთი გონიერი ადამიანი არ ეცდებოდა მის დაპყრობას“.

შექმნიდან სულ რაღაც ხუთი წლის შემდეგ, ჰელვეციის რესპუბლიკამ – და მისმა ტრიკოლორმა – არსებობა შეწყვიტა (შვეიცარიული ფრანკისგან განსხვავებით, რომელიც ნამდვილი წარმატების ნიმუში აღმოჩნდა).

სიმბოლო, რომელიც ბრძოლის ველზე დაიბადა

ტრიკოლორის შემდეგ, ეროვნული დროშის შორს ძებნა არ გახდა საჭირო. თეთრი ჯვარი წითელ ფონზე – თუმცა სხვადასხვა პროპორციებით და ოფიციალურად არასდროს აღიარებული, – საუკუნეების განმავლობაში არსებობდა.

დროშაზე ჯვრის გამოყენების პირველი დადასტურებული შემთხვევა 1339 წლით თარიღდება. ლაუპენის ბრძოლის დროს, ბერნისა და კონფედერაციის მებრძოლებმა, რომლებიც ფრიბურგისა და ბურგუნდიის, ასევე ჰაბსბურგთა ტერიტორიების მბრძანებელი ფეოდალების წინააღმდეგ იბრძოდნენ, თავიანთ ჯაჭვის პერანგებზე, ერთმანეთის ამოსაცნობად, თეთრი ჯვარი მიიკერეს.

შვეიცარიის ისტორიული ლექსიკონის მიხედვით, ამ ჯვრის წარმოშობის შესახებ სამი ჰიპოთეზა არსებობს. გთავაზობთ მათ სანდოობის ზრდის მიხედვით:

  • წარმოიშვა თებეს ლეგიონიდან და მისი მეთაურის, წმინდა მავრიკის კულტიდან;
  • საღვთო რომის იმპერიის საბრძოლო დროშიდან;
  • ქრისტეს ვნებების სიმბოლოებიდან, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს სცემენ ცენტრალურ შვეიცარიაში.

ასეა თუ ისე, ფაქტი ფაქტად რჩება: ჯვარი, რომელიც ხშირად წითელ ფონზე იყო გამოსახული (შესაძლოა, ეს ქრისტეს სისხლზე მიანიშნებდა), საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით გვხვდებოდა შვეიცარიელი ჯარისკაცების, სხვადასხვა კანტონის წარმომადგენლებისგან შემდგარი სამხედრო დანაყოფებისა და დაქირავებული მეომრების აბჯარსა და დროშებზე.

თუმცა, შუა საუკუნეების ბოლოსთვის, ეს ტრადიცია გაქრა. მიუხედავად ამისა, წითელ ფონზე გამოსახული თეთრი ჯვარი მთელ ევროპაში 13 კანტონისგან შემდგარი ძველი კონფედერაციის სიმბოლოდ დარჩა.

თანამედროვე შვეიცარიული დროშის მამები

XIX საუკუნეში ჯვრიანი დროშის აღორძინებას რამდენიმე ისტორიკოსი ნიკლაუს ფრანც ფონ ბახმანის სახელს უკავშირებს,რომელიც მეორე კოალიციის ომის დროს ავსტრიისა და ბრიტანეთის არმიებში მომსახურე შვეიცარიელი ემიგრანტების პოლკებს ხელმძღვანელობდა. 1800 წელს მან თავის ჯარებს დაუწესა შტანდარტი, რომელიც ძალიან ჰგავდა დღევანდელ შვეიცარიულ დროშას. 1802 წელს ბახმანი ფედერალური არმიის მთავარსარდალი გახდა და შტეკლიკრიგის, ანუ „ჯოხების ომში“ ჰელვეციის რესპუბლიკის არმია დაამარცხა. 1814 წელს ფედერალურმა სეიმმა შვეიცარიული ჯვარი კონფედერაციის ოფიციალურ ემბლემად გამოაცხადა. ეს სიმბოლო 1815 წლის ფედერალურ ტრაქტატზეც ამაყად არის გამოსახული.

ამის შემდეგ, შვეიცარიის მოსახლეობაში არსებულმა პროგრესულმა და ნაციონალისტურმა ძალებმა, განსაკუთრებით კი ტანვარჯიშის კლუბებმა, მსროლელთა გაერთიანებებმა და საგუნდო კოლექტივებმა, შვეიცარიული ჯვრის ფართოდ დანერგვა დაიწყეს.

აკვარელით შესრულებული პირველი ფედერალური დროშის ნახატი, შექმნილი 1841 წელს კარლ შტაუფერის მიერ. შტაუფერის ესკიზი, დეტალური ახსნა-განმარტებებითა და ზომებით, გაეგზავნა კანტონებს, რათა გამხდარიყო ქვეითი ბატალიონების მომავალი დროშების მოდელი. ინახება ციურიხში, შვეიცარიის ეროვნული მუზეუმში (წყარო: შვეიცარიის ისტორიული ლექსიკონი).

პირველი უნიტარული სამხედრო დროშა 1840 წელს მომავალი გენერლის, გიიომ ანრი დიუფურის ინიციატივით დაინერგა. თითოეული კანტონის ქვეითი კონტინგენტი წარმოდგენილი იყო ხუთი თანაბარი კ ვადრატისგან შემდგარი ჯვრით წითელ ფონზე, რომელზეც ოქროსფერი ასოებით მითითებული იყო კანტონის სახელი. 1848 წლის ფედერალურმა კონსტიტუციამ, რომელმაც შვეიცარიის, როგორც დღეს ჩვენთვის კარგად ცნობილი სახელმწიფოს, დაბადება დაამტკიცა, მისი გამოყენება ყველა სამხედრო ნაწილისთვის სავალდებულო გახადა.

რატომ კვადრატული?

სწორედ ეს სამხედრო წარმომავლობაა შვეიცარიის დღევანდელი დროშის მთავარი თავისებურების მიზეზი: იმ დროის საბრძოლო დროშები, როგორც წესი, კვადრატული იყო.

ჯვრის ფორმა კანონით 1889 წლიდან არის განსაზღვრული, როდესაც მთავრობამ დაადგინა, რომ „კონფედერაციის გერბი არის წითელ ფონზე თავისუფლად განთავსებული, ვერტიკალურად მდგომი თეთრი ჯვარი, რომლის თანაბარი სიგანის მკლავების სიგრძე სიგანეზე ერთი მეექვსედით მეტია“. ამგვარად, ის განსხვავდებოდა დუფურის სამხედრო დროშისგან, რომელსაც ბევრი ადამიანი უშნოდ მიიჩნევდა და რომელმაც 1880-იან წლებში პრესაში ცხარე დებატები გამოიწვია.

ამ გადაწყვეტილებით ჯვრის ფორმა კანონში საბოლოოდ დაფიქსირდა. თუმცა, მასში არაფერი იყო ნათქვამი ჯვრის პროპორციებზე საზღვრებთან მიმართებაში, არც იმაზე, თუ წითლის რომელი ტონი უნდა ყოფილიყო გამოყენებული და მით უმეტეს იმაზე, რომ დროშა კვადრატული უნდა ყოფილიყო. დიდი ხნის განმავლობაში, ეს უბრალოდ ტრადიციით იყო განსაზღვრული.

ზუსტი წესები მხოლოდ 2017 წელს დადგინდა, როდესაც „შვეიცარიის გერბებისა და სხვა საჯარო ნიშნების დაცვის შესახებ“ ფედერალურ კანონში ცვლილება ძალაში შევიდა. მასში ნათქვამია:

1. შვეიცარიის დროშაზე გამოსახულია შვეიცარიული ჯვარი კვადრატულ ფონზე.

2. დანართში (იხ. ქვემოთ) წარმოდგენილი ნიმუში განსაზღვრავს დროშის ფორმას, ფერს და პროპორციებს.

კანონი „გერბების დაცვის შესახებ“/შვეიცარიის კონფედერაცია

ორი გამონაკლისი

არსებობს ორი მნიშვნელოვანი გამონაკლისი. თუ ოდესმე ღია ზღვაში გადააწყდებით ხომალდს, რომელზეც შვეიცარიის დროშა ფრიალებს, შეამჩნევთ, რომ მისი დროშა მართკუთხაა. ეს არ არის შეცდომა. ეს არის შვეიცარიის საზღვაო დროშა, რომელიც მთავრობამ 1941 წლის 9 აპრილს, ომის დროს თავდასხმების თავიდან აცილების მიზნით შემოიღო. საზღვაო ნავიგაციის ფედერალურ აქტში ის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ყოველთვის მართკუთხა მკაფიოდ განსაზღვრული პროპორციებით იყო დაფიქსირებული.

მეორე გამონაკლისი, როგორც SWI swissinfo.ch-ის სტატია შეგვახსენებს, ოლიმპიურ თამაშებს ეხება. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, რომლის შტაბ-ბინა ლოზანაშია განთავსებული, გადაწყვიტა, რომ 2004 წლის ათენის თამაშებიდან მოყოლებული, ოლიმპიადაში მონაწილე ყველა ქვეყნის დელეგაციის დროშას ერთნაირი მართკუთხა ფორმა ჰქონოდა. ამ ნაბიჯის მიზანი იყო იმის უზრუნველყოფა, რომ არცერთი დროშა არ ყოფილიყო განსხვავებული, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება ოლიმპიურ სულისკვეთებას, რომელიც ერებს შორის თანასწორობასა და პატივისცემას ეფუძნება.

მოდით, ნუ ავტეხთ სკანდალს იმის გამო, რომ გამონაკლისი ნეპალისთვის დაუშვეს, შვეიცარიისთვის კი – არა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ, შვეიცარიელები, მართლა „კვადრატულები“ ხომ არ ვართ?

 

სტატიის ავტორი: ზენო ზოლატელი, შვეიცარიის რადიომაუწყებლობის კორპორაციის ფილიალი (SWI swissinfo.ch)

ფოტოს ავტორი: ენიო ლანცა, შვეიცარიის საინფორმაციო სააგენტო „კისტონი“ (Keystone-SDA)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 8 აგვისტო, 2026 წელი, 11:00 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი