გადაცემა „42-ე პარალელის“ ინტერვიუ აშშ-ის ქუინსის ინსტიტუტის მკვლევართან, ალმუთ როჩოვანსკთან

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „42-ე პარალელმა“  ინტერვიუ ჩაწერა აშშ-ის ქუინსის ინსტიტუტის მკვლევართან, ალმუთ როჩოვანსკთან. აშშ-ის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი ინტერვიუში საუბრობს მსგავსებებსა და განსხვავებებზე უკრაინულ „მაიდანსა“ და საქართველოში დღეს მიმდინარე საპროტესტო პროცესებს შორის. ამასთან, საუბრობს დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შესაძლო კონტურებზე და აშშ-ის ინტერესებზე საქართველოში.

ქალბტონო ალმუთ, გმადლობთ, რომ დათანხმდით ჩვენთან ინტერვიუს. შეგიძლიათ, გვითხრათ, რა არის ამერიკისა და ევროკავშირის რეალური ინტერესი საქართველოში?

ვფიქრობ, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ის აინტერესებს, რაც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ მას სურს, მიაღწიოს რაც შეიძლება უფრო მეტ დომინაციასა და კონტროლს. შეერთებულ შტატებს განსაკუთრებით აინტერესებს ის ქვეყნები, სადაც მის მოწინააღმდეგებს, მათ შორის რუსეთს, ჩინეთს ან ირანს შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი გავლენა და ინტერესები. ამ ქვეყნებისგან თუ შორს არის თქვენი ქვეყანა, მაშინ შეერთებული შტატები არ იქნება დაინტერესებული თქვენი სახელმწიფოთი. ირონიულია, რომ ბოლო 25-30 წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებს ბევრად უფრო დიდი გავლენა ჰქონდა საქართველოზე, ვიდრე ზემოთ ნახსენებ სხვა რომელიმე ქვეყანას. ამერიკა საქართველოზე ძალიან დიდ კონტროლსა და დომინაციას ახორციელებდა.

მე ვიცი, ბევრი ქართველი ფიქრობს, რომ შეერთებული შტატები ან ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოთი, რადგან საქართველო რატომღაც განსაკუთრებულია, რომ ეს ქვეყანა უფრო მიმზიდველია, ან უფრო მომხიბვლელია, ან მას აქვს რაღაც იდუმალი პოტენციალი, ან რომ საქართველო მდებარეობს მსოფლიოს ძალზე სტრატეგიულ წერტილში. თუმცა იგივე შეიძლება ითქვას ნებისმიერ სხვა სახელმწიფოზეც, რომ მათ სტრატეგიული მდებარეობა აქვთ. ამიტომ საქართველო არ არის ამ მხრივ ძალიან განსაკუთრებული.

ბოლო პერიოდში ოპოზიციიდანაც და მთავრობიდანაც ბევრი საუბრობს, რომ საქართველო მნიშვნელოვანია ე.წ. შუა დერეფნის გამო, რომელზეც გადის სავაჭრო გზა ევროპასა და ჩინეთს შორის. ანუ ამ გზის საშუალებით, ჩინეთთან დასაკავშირებლად აღარ არის საჭირო რუსეთის ან ირანის გავლა, ამის სანაცვლოდ, ეს შესაძლებელია შუა გზიდან, ანუ სამხეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის გავლით. ეს, შესაძლოა, სიმართლეა, მაგრამ ირონიული ის არის, რომ ამჟამად შეერთებული შტატები და ევროპა ცდილობენ, შეწყვიტონ ჩინეთთან ვაჭრობა. ამას ისინი ეძახიან ე.წ. decoupling (ანუ „გაყოფას“), რისკების შემცირებას (de-risking) და ჩინეთთიდან სხვა ქვეყნებში წარმოების გადატანას, რისი მიზანიც არის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ურთიერთობა ჰქონდეთ ჩინეთთან. ამიტომაც ეს „შუა დერეფნის“ ამბავი საკმარისად არ ხსნის იმას, რატომ არის დასავლეთი ასე დაინტერესებული საქართველოთი არსებულ კონტექსტში.

მეორე შეკითხვა შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს. ვიცით, რომ თქვენ ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ. თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას იტყოდით არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე საქართველოში? წარმოადგენენ ისინი სამოქალაქო საზოგადოებას, ამ ტერმინის კლასიკური შინაარსით?

მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როცა საქართველოში, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციაში სტაჟიორად დავიწყე მუშაობა. ეს დაახლოებით 23 წლის წლის წინ იყო. ძალიან დიდი ხანი ვაკვირდებოდი ქართული არასამთავრობო სექტორის განვითარებას როგორც შიგნიდან, ასევე გარედან. მათ შორის, პატარა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვეხმარებოდი თანხების მოძიებაში. შემიძლია გითხრათ, რომ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, რუსეთში, უკრაინაში, ყირგიზეთში, მოლდოვაში თუ სხვაგან, არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც ჩვენ მათ ვუწოდებთ, არ წარმოადგენენ სამოქალაქო საზოგადოებას მისი კლასიკური განმარტებით. სამოქალაქო საზოგადოება შეიძლება მრავალნაირად განმვარტოთ: არსებობს თანამედროვე თეორიები, რა არის სამოქალაქო საზოგადოება; ასევე არის თეორიები სამოქალაქო საზოგადოების შესახებ, რომელიც სათავეს იღებს XIX საუკუნეში. თუმცა არც თანამედროვე და არც ადრეული განმარტებებიდან არცერთი არ მიესადაგება არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დღეს საქართველოში მოღვაწეობენ. შეიძლება ითქვას, ამ ორგანიზაციების არსებობის და ფუნქციონირების ფორმა არის სამოქალაქო საზოგადოების ძალზე ვიწრო, ამავე დროს ძალზე რადიკალური ფორმა. ამ მხრივ, საქართველო ალბათ არის ყველაზე უფრო რადიკალური მაგალითი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის.

ანუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ძირითადი არსი შემდეგია: მოქალაქეები ერთიანდებიან, რათა დაეხმარონ ერთმანეთს ან საკუთარ საზოგადოებას, თემს. ეს, შეიძლება, იყოს სპონტანური ან ორგანიზებული და მას, შეიძლება, გააჩნდეს გრძელვადიანი შინაარსი. მაგრამ ჩვეულებრივ, სამოქალაქო საზოგადოება არ არის და არ უნდა იყოს სრულგანაკვეთიანი სამსახური. საერთოდაც, ეს სამსახური სულაც არ არის და მას არ შეიძლება, როგორც კარიერას, ისე შევხედოთ.

გარდა ამისა, ამგვარ ორგანიზაციებს აქვთ გარკვეული შეზღუდვები: სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია არ უნდა იყოს მოგებაზე ორიენტირებული და მას არ უნდა ჰქონდეს კომერციული მიზნები. კიდევ ერთი განმარტებით, ეს ორგანიზაციები უნდა ცდილობდნენ, თავი შორს დაიჭირონ პოლიტიკისა და მთავრობისგან: თქვენ თუ ხართ არასამთავრობო ორგანიზაციაში, ეს ნიშნავს, რომ თქვენ განცალკევებული ხართ მთავრობისა და სახელმწიფოს ძალაუფლებისგან.

საქართველოში და ასევე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს განსაკუთრებული მახასიათებლები აქვთ. მაგალითად, ერთი ასეთი განსაკუთრებული თვისება ის არის, რომ მათი დაფინანსება ძირითადად მხოლოდ უცხოეთიდან მოდის. ეს არ არის ნორმალური: ამას გლობალურად თუ შევხედავთ და სხვა სიტუაციებთან შევადარებთ – ეს არანორალურია. კიდევ ერთი მახასიათებელი, რითიც ქართული და, ზოგადად, პოსტსაბჭოთა არასამთავრობო ორგანიზაციები განსხვავდებიან სამოქალაქო საზოგადოების კლასიკური განმარტებისგან, არის ის, რომ მათი უმეტესობა არ არის ღია საზოგადოებისთვის. მაგალითად, უბრალო მოქალაქეს არ შეუძლია, დააკაკუნოს მათ კარზე და უთხრას: „გამარჯობა, მე მსურს, გავხდე თქვენი ორგანიზაციის წევრი, ან მოხალისე, ან რაიმე დონაცია განვახორციელო“. ასეთი რამ უბრალოდ არ არის გათვალისწინებული, ასეთ მოქმედებას ჩვეულებრივი მოქალაქისგან არავინ ელოდება. ამ ორგანიზაციებს არ ჰყავთ წევრთა დიდი რაოდენობა და მათთან არც შიდა დემოკრატია არსებობს. იქ თქვენ არ შეხვდებით ასობით ან ათასობით წევრს, რომლებიც შემდგომში ირჩევენ ამ ორგანიზაციების ლიდერებს ან ფინანსების განმკარგავებს. სისტემა ასე არ მუშაობს.

ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მრავალნაირი ფორმა შეიძლება არსებობდეს, მაგრამ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებმა ძალიან სპეციფიური, ძალიან ვიწრო და უცნაური ფორმა მიიღეს. მაგალითად, თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ქათმები ბიოლოგიურად დაკავშირებული არიან დინოზავრებთან. ეს გენეტიკურად და ტექნიკურად სწორია, მაგრამ ქათამი არის ძალზე სპეციფიკური და უცნაური დინოზავრი. ამავე ლოგიკით შეიძლება ვიკითხოთ, რატომ არიან საქართველოში წარმოდგენილი მხოლოდ ქათმები და არა დინოზავრები, ანუ რატომ ვხვდებით აქ სამოქალაქო საზოგადოების მხოლოდ ერთ, მცირე და უცნაურ ფორმას? მაგალითად, რატომ არ გვხვდება ისეთი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, როგორიცაა მოხალისე მეხანძრეები ან ორგანიზაციები, რომლებიც ღარიბებისთვის საკვების გადანაწილებაზე მუშაობენ? რატომ არ არსებობენ კლუბები, რომლებშიც გაწევრიანებულია ათასობით ადამიანი ან რატომ არ არსებობენ სკაუტები, სადაც ზრდასრულები დროს უთმობენ ბავშვებს და მოზარდებს, შეასწავლიან მათ სხვადასხვა უნარებს?

რას იტყოდით იმ კრიტიკასთან მიმართებით, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ არსებობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად გამოიყენება, როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი უცხო ძალების მიერ?

მე ვფიქრობ, რომ არსებული კრიტიკის 95% შეთქმულების თეორიაა და არ შეესაბამება სიმართლეს. ბევრ ჩვენგანს უმუშავია არასამთავრობო ორგანიზაციებში. ბევრი „ენჯეო“ მუშაობს ძალიან კონკრეტულ თემებზე და მათ ამ სპეციფიკაზე მუშაობა უნდათ. ასეთია, მაგალითად, აუტისტი ბავშვებისთვის სასკოლო სისტემაში პირობების გაუმჯობესება, მდინარეების გაწმენდა საცხოვრებელ რაიონებში და ა.შ. ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციას არ სურს პოლიტიკაში მონაწილეობა. ის, რომ 90-იან წლებში, ცივი ომის დასრულების შემდეგ, ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ შექმნა არასამთავრობო ორგანიზაციები, რათა 20 ან 30 წლის შემდეგ გამოეყენებინა ისინი ფერადი რევოლუციებისთვის, არ შეესაბამება სიმართლეს. თუმცა, მეორე მხრივ, ის მართალია, რომ პრობლემურია, როდესაც ქვეყანაში გყავს საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი, ე.წ. მაღალშემოსავლიანი ელიტა, რომელთა შემოსავალი, კარიერა, სტატუსი და მათი ძალაუფლება ბოლო 20-30 წლის მანძილზე მთლიანად დამოკიდებული იყო არა მხოლოდ უცხოურ დაფინანსებაზე, არამედ მათ მუდმივ ინტერაქციასა და კავშირზე უცხოეთის წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით უცხო სახელმწიფოებისა და მთავრობების წარმომადგენლებთან. ამ კონტექსტში, არასამთავრობოებმა საკუთარი თავი დაინახეს, როგორც უცნაური დამაკავშირებელი რგოლი დასავლეთსა და საკუთარ ქვეყნებს, საკუთარ საზოგადოებებს შორის. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან ხშირად გაიგებთ: „ოჰ, იცით, ჩემს საზოგადოებას უბრალოდ არ ესმის ჩემი, თუმცა, როდესაც საელჩოში მიღებაზე მიდვივარ, მათ ყველაფერი მოსწონთ, რასაც ვაკეთებ“. ანუ აქ არსებობს ძლიერი ფსიქოლოგიური კავშირიც უცხოეთის წარმომადგენლებთან.

მაგრამ ისიც მართალია, რომ ისეთი კრიზისების დროს, როგორიც დღეს საქართველოშია, ზოგიერთ დასავლელ დონორს (იქნება ეს სახელმწიფო დონორი თუ კერძო ფონდი) მოსწონს ის იდეა, რომ შეუძლია ამ ვითარების გამოყენება საკუთარი მეგობრებისა და მოკავშირეების მხარდასაჭერად. მათ ასევე ალბათ მოსწონთ ის იდეაც, რომ გააფართოვონ საკუთარი კონტროლის არეალი და უფრო მეტი გავლენა იქონიონ იმ ცვლილებებზე, რომლებიც მოცემულ ქვეყანაში ხდება. ხანდახან ამას ისინი აკეთებენ იმ აზრით, რომ ფიქრობენ, ეს კარგი იქნება, მაგალითად, იმისთვის, რომ ქალთა უფლებები იყოს უფრო უკეთესად დაცული ან უმცირესობების ბავშვთა უფლებები. ანუ ისინი ფიქრობენ, რომ ეს კარგი იქნება უფრო მეტის გავლენის მოსაპოვებლად. სწორედ ამგვარი პოლიტიკური კრიზისის სიტუაციაში უცხოელმა დონორებმა შეიძლება უფრო მეტი რესურსი მიაწოდონ საკუთარ მეგობრებსა და პარტნიორებს. ეს აუცილებლად პროტესტში მონაწილეობის მისაღებად კი არ იქნება გამოყოფილი, არამედ, უბრალოდ, რთულ პერიოდში მათი დაცვისთვის ან რაიმე მსგავსი. ეს ძალიან კომპლექსური საკითხია და კრიტიკის ეს ნაწილი სულაც არ წარმოადგენს შეთქმულების თეორიას, როგორც ზოგიერთს ჰგონია.

მოდით, მივუბრუნდეთ პოლიტიკურ პროცესებს, რომლებიც ახლა მიმდინარეობს საქართველოში. ხედავთ თუ არა რაიმე მსგავსებას ამჟამინდელ ქართულ პროტესტებსა და უკრაინულ „ევრომაიდანს“ შორის? ამას გეკითხებით იმის გამო, რომ ექსპერტთა გარკვეულ ჯგუფებში ამგვარი მოსაზრება არსებობს.

ცხადია, არსებობს გარკვეული მსგავსებები. მინდა, გითხრათ, რომ მე უკრაინაში მუშაობა „მაიდნის“ მოვლენებიდან სულ ცოტა ხანში დავიწყე. ზოგიერთი ჩემი უკრაინელი კოლეგა და მეგობარი „მაიდნის“ მოვლენების მონაწილე იყო. ბევრი მათგანი აქტივისტი იმიტომ გახდა, რომ, რასაც უყურებდნენ, არ მოეწონათ და იფიქრეს: „აი ჩვენს ქვეყანაში ახლა ძალიან ცუდი პროცესები დაიწყება“ და ამიტომ შეუერთდნენ საპროტესტო ტალღას. ანუ მათი მოტივაცია იყო, თავიდან აეცილებინათ ის ძალადობრივი პროცესები, რაც ამ ყველაფერს თან მოჰყვა. ეს ასპექტი ერთმანეთს შემიძლია შევადარო.

ზედაპირულად თუ შევხედავთ, დავინახავთ ასეთ მსგავსებას: ხალხი ქუჩაშია გამოსული, მათ სურთ მთავრობის ცვლილება და ბევრ მათგანს ევროკავშირის დროშები აქვს შემოხვეული. კიდევ ერთი მსგავსება ის არის, რომ არსებობს შეგრძნება, რომ ევროკავშირი აქ გარდამტეხი საკითხია, მიუხედავად იმისა, რომ, შეიძლება, ის უკმაყოფილების პირდაპირი გამომწვევი სულაც არ არის. 2013 წლის შემოდგომაზე უკრაინაში დაწყებული „ევრომაიდნის“ მოვლენები დაკავშირებული იყო იანუკოვიჩის გადაწყვეტილებასთან, ხელი არ მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, ანუ იმ დოკუმენტზე, რომელსაც შარშან საქართველოს მთავრობამ, კერძოდ კი, „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერა.

საქართველოს შემთხვევაში კი 2024 წლის ზამთარში დაწყებული მოვლენები უკავშირდება საქართველოს მთავრობის განცხადებას, რომელიც თავისი არსით ძალიან უმნიშვნელო, რბილი და, შეიძლება ითქვას, სულელურიც კია. კერძოდ, მთავრობამ განაცხადა, რომ საქართველო, საკუთარი ინიციატივით, დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში შესვლის მოლაპარაკებებს. ეს განცხადება ამბობს, რომ ევროკავშირს, თავის მხრივ, თუ სურს, გახსნას მოლაპარაკებები, მაშინ საქართველოს მთავრობა მზად არის, შეუერთდეს ამ პროცესს. მე ახლაც არ მესმის, რატომ გადადგა საქართველოს მთავრობამ ეს ნაბიჯი, რომელიც, შეიძლება ითქვას, ერთგვარად უაზრო და წნეხის არსებობის გარეშე დაშვებული შეცდომა იყო.

საქართველოს შემთხვევაში სწორედ ეს განცხადება იყო გამომწვევი, ან ე.წ. ტრიგერი ამ პროტესტებისა. მეორე მხრივ, ვფიქრობ, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში ადამიანები ევროკავშირში გაწევრიანებას უკავშირებენ რაღაც ძალიან მასშტაბურს და დიდს, რაღაც ირაციონალურს, მათი ყველა პრობლემის გადამჭრელს. თითქოს ეს არის განწმენდა და ხსნა მათი მრავალტანჯული ქვეყნისა. მე ევროკავშირის მოქალაქე ვარ და მახსოვს, როცა ჩემი ქვეყანა, ავსტრია გახდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ხმა არ მიმიცია, მაგრამ მოვლენებს თვალს ვადევნებდი და ძალიან გახარებული ვიყავი. ეს სულ სხვა პროცესი იყო და სრულად განსხვავდებოდა იმისგან, რაც დღეს საქართველოში ხდება. როგორც ევროკავშირის მოქალაქეს, საკმაოდ მაღელვებს ის ფაქტი, რომ ადამიანები საქართველოსა და უკრაინაში ამდენ რამეს ელოდებიან ევროკავშირისგან, რადგან ევროკავშირს არ შეუძლია იმის გაკეთება, რასაც მისგან ელოდებიან. მე ხანდახან ვხუმრობ ჩემს მეგობრებთან, რომ ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება, საქართველოში ევროკავშირის რეპუტაციას დაემართოს, არის ის, რომ ხვალ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ამ შემთხვევაში ყველა მიხვდება, რომ ოცნებები ევროკავშირით არ ამხდარა, მათი პრობლემები არ მოგვარდება და რომ, უბრალოდ, ევროკავშირს არ შეუძლია ამ პრობლემების მოგვარება, რომ ევროკავშირი არ არის შექმნილი მათ მოსაგვარებლად. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის ძირითადი მსგავსებები „ევრომაიდანსა“ და საქართველოში არსებულ პროცესებს შორის.

მაგრამ, ასევე, არსებობს მკაფიო განსხვავებებიც და, ვფიქრობ, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ უკრაინა და საქართველო ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ქვეყნები არიან. უკრაინა, საქართველოსთან შედარებით, ძალიან დიდი ქვეყანაა. უკრაინაში არსებობდა ბევრად უფრო მრავალფეროვანი და ძალიან ძლიერი პოლიტიკური დაჯგუფებები, რაც საქართველოში არ გვხვდება. უკრაინა 2013 წელსაც და დღესაც ძალზე კორუმპირებული ქვეყანაა. საქართველოში ასე არ არის. საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე წარმატებული ქვეყანაა კორუფციის აღმოფხვრის მხრივ. პოლიტიკური პოლარიზაცია უკრაინაშიც იყო და საქართველოშიც, მაგრამ უკრაიანა, საქართველოსგან განსხვავებით, გეოგრაფიულადაც პოლარიზებულია, პოლიტიკურადაც და კულტურული თვალსაზრისითაც, უკრაინის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ადამიანების წარმოდგენები განსხვავდება ერთმანეთისგან იმის შესახებ, როგორი სახელმწიფო უნდა იყოს უკრაინა. საქართველოში ასეთი რამ არ გვხვდება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება: პროტესტებზე, რომელიც საქართველოში 28 ნოემბერს დაიწყო, ვნახეთ, რომ პირველი ორი კვირის ან პირველი ათი დღის განმავლობაში იყო ძალადობის დიდი აფეთქება. ეს ძალადობა ჩაიდინა ძალიან მცირერიცხოვანი ადამიანების სპეციფიკურმა ჯგუფმა. ძალადობა, ცხადია, არ ჩაუდენია პროტესტის ყველა მონაწილეს: ბევრმა ადამიანმა, რომელიც ქუჩაში გავიდა, არც კი იცოდა, რომ საპროტესტო აქციების დროს ადგილი ჰქონდა ძალადობას. ბევრმა ამის შესახებ სახლში დაბრუნების შემდგომ შეიტყო და ამით შოკირებულნი იყვნენ. ძალადობას ჩადიოდა კარგად ორგანიზებული პატარა ჯგუფი. შემდეგ სამართალდამცავმა უწყებებმა დაპატიმრებები დაიწყეს და ძალადობა უცბად შეწყდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში საერთოდ აღარ ფიქსირდება ძალადობის იმგვარი ფაქტები, რასაც ადგილი ჰქონდა საპროტესტო აქციების დაწყებიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში. ეს საკმაოდ საინტერესო ფენომენია.

უკრაინაში 2013 წლის „მაიდნის“ მოვლენების დროს – და, ცხადია, დღესაც – არსებობდა ძალზე ბევრი არაფორმალური დაჯგუფება იმ ადამიანებისა, რომლებიც მზად იყვნენ, ჩაედინათ ორგანიზებული ძალადობა. ისინი, ფაქტობრივად, არიან პარამილიტარული (ნახევრად გასამხედროებული) დაჯგუფებები და მათ შეიძლება ვუწოდოთ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები. ზოგიერთი დაჯგუფება უბრალოდ ფეხბურთის ფანები იყვნენ, რომელთაც „ულტრასებს“ ეძახიან, მაგრამ მათ ჰქონდათ კონკრეტული სამსახურები. ისინი ფაქტობრივად იყვნენ ოლიგარქების დაცვის თანამშრომლები. ისინი დატრენინგებული იყვნენ და მზად იყვნენ, ჩაედინათ ძალადობა. ღვთის წყალობით, არაფერი მსგავსი საქართველოში არ არსებობს და მე ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა უკრაინულ „მაიდანსა“ და ქართულ პროტესტებს შორის.

შეერთებულ შტატებს ჰყავს ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მას უკავშირდება მოლოდინი, რომ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპასთან მიმართებით შეიცვლება და კონკრეტული მოლოდინები არსებობს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით. ტრამპმა დადო პირობა, რომ ამ ომს 24 საათში დაასრულებდა. ამ მოლოდინის წყარო არის მისი ეს განცხადება. ისმის მოსაზრებები, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, არ გაწევრიანდება ნატო-ში და შესაძლოა, მისთვის შეიქმნას სხვა ტიპის უსაფრთხოების გარანტიები. როგორ შეაფასებდით უკრაინის შანსებს ნატო-ში გაწევრიანების მხრივ ამ კონტექსტში? კიდევ მაქვს ერთი შეკითხვა, რომელიც ამ თემას უკავშირდება: აშშ თუ არ შეასრულებს მის მიერ დადებულ პირობას, მხარი დაუჭიროს უკრაინის გაწევრიანებას ნატო-ში, ამ კონტექსტში როგორი იქნება საქართველოს უსაფრთხოების არქიტექტურა? ეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოსა და უკრაინის სწრაფვა ნატო-ში კავშირშია ერთმანეთთან.

მოდით, დავიწყოთ ტრამპით. პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ, როგორც დასაწყისში უკვე ავღნიშნე, ბევრ ქართველს გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს საქართველოს მნიშვნელობასა და როლზე მსოფლიოში. გარკვეულწილად ეს მართალია. ასე პატარა, ღარიბი ქვეყანა იპყრობს უზარმაზარ ინტერესს საერთაშორისო მედიაში. საქართველო იპყრობს იმაზე მეტ მედიაყურადღებას, ვიდრე ეს ნორმალურია, რაც საინტერესოა, მაგრამ, მეორე მხრივ, მე არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა საერთოდ იცის საქართველოს არსებობის შესახებ. არსებობს კიდევ ერთი ჯორჯია ამერიკის შეერთებულ შტატებში და ის შეპრყობილია ამერიკული ჯორჯიათი, რადგან 2020 წლის არჩევნებზე მას ჰქონდა ჯორჯიის შტატში პრობლემები. ამიტომ მგონია, რომ ტრამპი ამერიკულ ჯორჯიაზე ბევრს ფიქრობს და არ მგონია, ბევრს ფიქრობდეს თქვენს ჯორჯიაზე.

მსოფლიოში, და განსაკუთრებით ამერიკაში, ბევრი ელოდება რადიკალურ ცვლილებებს ტრამპის ადმინისტრაციიდან. ზოგი შეშინებულია, ზოგს კი უკეთესობის იმედი აქვს. მე ვფიქრობ, რომ ისინი, ვისაც იმედი აქვთ, იმედგაცრუებული დარჩებიან, ხოლო ვისაც ეშინია, დამშვიდდებიან, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან ყველა ის რადიკალური ცვლილების დაპირება განახორციელოს, რისი დაპირებაც გასცა. ზოგიერთი დაპირება მას პირადად საერთოდ არც უთქვამს და მას მიაწერენ. მაგალითად, შეერთებულ შტატებში, საგარეო პოლიტიკის ელიტებში უხსენებიათ გარკვეული საკითხების შესახებ, რომ ტრამპი ამას გააკეთებს, მაგრამ ცხადი სულაც არ არის, რას გააკეთებს ის რეალურად.

მე ვიტყოდი, რომ უფრო მნიშვნელოვანია, ის შევამოწმოთ, ვინ დანიშნა მან საგარეო პოლიტიკის მართვის მიმართულებით. ამ დანიშვნების მხრივ კი სურათი საკმაოდ წინააღმდეგობრივია. ერთი მხრივ, მან საკუთარ ადმინისტრაციაში დანიშნა ისეთი ადამიანები, რომელთაც ტრადიციული ამერიკული საგარეო პოლიტიკური დოქტრინისგან საკმაოდ განსხვავებული შეხედულებები აქვთ და მიაჩნიათ, რომ ამერიკამ უკან უნდა დაიხიოს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან, შორს დაიჭიროს თავი ნატო-სგან, დაასრულოს უკრაინაში ომი რაც შეიძლება მალე. მათ ურჩევნიათ, მშვიდობა შეინარჩუნონ და არ ჩაერთონ ომებში მსოფლიოს გარშემო; მეორე მხრივ, მის ადმინისტრაციაში იქნებიან ისეთი ადამიანები, რომელთაც, როგორც წესი, მოსწონთ, როცა აშშ სხვადასხვა ქვეყანაში ომში ერთვება ან როცა აშშ აფართოებს საკუთარ ალიანსებს და მათ სურთ, გაძლიერდეს ნატო. ამიტომაც საკმაოდ რთულია თქმა, როგორი იქნება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა. გუშინ საღამოს დონალდ ტრამპმა ინტერვიუში ისაუბრა უკრაინასა და რუსეთზე. ჩემი აზრით, ეს საკითხი მისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს და ამაზე ბევრს ფიქრობს. ეს საკითხი, როგორც ჩანს, მის პოლიტიკურ მიზნებში შედის. ამიტომ, ვფიქრობ, ის რაც შეიძლება მალე შეეცდება, მოლაპარაკებების პროცესი დაიწყოს. ეს ოფიციალურად შესაძლებელი იქნება 20 იანვრის შემდეგ. მანამდე, კანონმდებლობის მიხედვით, მას არ აქვს უფლება, დიდი ნაბიჯები გადადგას ამ მიმართულებით. მას მხოლოდ შეუძლია, შეხვედრები გამართოს.

ცხადია, ის ვერ შეძლებს ომის დასრულებას 24 საათში. ჩვენნაირი ადამიანებისთვის, ვინც სწავლობს ომსა და მშვიდობას, კონფლიქტებს, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც სწავლობს სამშვიდობო პროცესებს და იმას, როგორ მივდივართ ძალადობრივი კონფლიქტიდან მშვიდობამდე, ყველამ ვიცით, რომ ეს პროცესი, შესაძლოა, ძალზე ხანგრძლივი იყოს, მას შეიძლება, წლები დასჭირდეს. ასევე, ჩვენ ვიცით, რომ ვიდრე მშვიდობა მიიღწევა, სამშვიდობო პროცესი წარმატების მიღწევამდე რამდენიმეჯერ ჩერდება. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ჩვენს თავს ამის შესახებ ხშირად შევახსენოთ. 20 იანვრის შემდეგ ტრამპმა რაც უნდა გააკეთოს, იმ შემთხვევაშიც კი, ამ პროცესში თუ ჩართულნი იქნებიან მისი საუკეთესო თანამშრომლები, ისინი, ვინც კომპეტენტურები არიან, ვისაც ნამდვილად სურს მშვიდობის მიღწევა, და რომც ყველაფერი გააკეთონ მშვიდობისთვის, მათ შეიძლება, რამდენჯერმე მარცხი განიცადონ, ვიდრე შეძლებენ გრძელვადიანი მშვიდობის ჩამოყალიბებას. ამიტომაც უფრო მომთმენნი უნდა ვიყოთ და საკუთარ თავს ამგვარი გამოცდილებების არსებობა უნდა შევახსენოთ.

რაც შეეხება ნატო-ს, მე მივეკუთვნები იმ ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც ფიქრობს, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი რამდენიმე მიზეზის გამო. ზოგი ამბობს, რომ რუსეთი თავს დაესხა უკრაინას იმის გამო, რომ მას სურს საბჭოთა კავშირის აღდგენა. მე ამის არ მჯერა. მე ვფიქრობ, რომ ნატო-ს უკრაინაში მიღების იდეა იყო უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი რუსეთისთვის უკრაინაზე თავდასხმისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ნატო ეფუძნება აშშ-ის სამხედრო ინტერესებსა და კონტროლს. ამიტომ იმის ალბათობა, რომ რუსეთი დათანხმდება ისეთ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც უშვებს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, დაბალია. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ათი წლის თუ 20 წლის მერე, ეს არ არის მისაღები რუსეთისთვის. მე ვერ ვხედავ ამ ეტაპზე, როგორ შეიძლება, ეს იყოს სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი. ამას ემატება ისიც, რომ რუსეთი არ არის დიდი წნეხის ქვეშ სამხედრო თვალსაზრისით. ამჟამად რუსებს აქვთ იმის შესაძლებლობა, მეტი მოითხოვონ, ვიდრე მეორე მხარეს.

კიდევ ერთი საკითხი, ერთგვარი პარადოქსი უნდა ვახსენო, რომელსაც 2022 წელს მივაქციე ყურადღება. ნატო არის თავდაცვითი ორგანიზაცია. თავდაცვითი ალიანსი შეიძლება იყოს როგორც გარანტია, ასევე საფრთხეც. თავდაცვითი ორგანიზაციის არსი ის არის, რომ რომელიმე წევრს თუ თავს დაესხმებიან, მაშინ ყველა წევრი მზად უნდა იყოს მისი წევრის დასაცავად. თავდამსხმელი თუ ბირთვული ქვეყანაა, მაშინ გამოდის, რომ თავდასხმის შემთხვევაში ალიანსის ყველა წევრის ქალაქებს ემუქრება ბირთვული საფრთხე, რათა დაიცვან ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი თავდამსხმელისგან. ჩვენ ამგვარ ალიანსებს შეიძლება ვუწოდოთ გარანტია ან მუქარა, ან, შეიძლება, მას ვუწოდოთ ბლეფიც, რადგან ვერასდროს ვიქნებით იმაში დარწმუნებული, დაიცავენ თუ არა ამგვარი საფრთხის შემთხვევაში ალიანსის წევრები ამ შეთანხმებას.

ნატო-ს ისტორიის განმავლობაში არასდროს ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ნატო-ს წევრებს მოუწიათ საკუთარი ერთ-ერთი წევრის დაცვა სხვა ძალისგან. ერთადერთი გამონაკლისი იყო ავღანეთში, როცა აშშ-მა გადაწყვიტა, დაეპყრო ავღანეთი 9-11 ტერაქტის შემდეგ, როცა ალიანსის სხვა წევრებმა განაცხადეს, რომ მათ სურდათ ყოფილიყვნენ ამ ოპერაციის მონაწილეები. ასე რომ, ნატო-ს არასდროს ჰქონია მსგავსი კლასიკური შემთხვევა, როცა მოუწევდა საკუთარი წევრის დაცვა. ამიტომაც, ჩვენ რეალურად არ ვიცით, არის თუ არა ეს ბლეფი და როგორ მოიქცევიან სახელმწიფოები. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ნატო-ს 70-წლიანი არსებობის დროს ხშირად დასმულა შეკითხვა: დაიცავთ პარიზს და ბერლინს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს საფრთხეს შეუქმნის ვაშინგტონს? გარისკავთ თუ არა, დაიცვათ ტალინი ან მზად ხართ თუ არა, დაიცვათ კიევი ვაშინგტონის საფრთხეში ჩაგდების ხარჯზე? საფრანგეთის მთავრობამ ჯერ კიდევ 50-იან და 60-იან წლებში თქვა, რომ არ სჯეროდა, რომ პარიზის გადასარჩენად აშშ საფრთხის ქვეშ დააყენებდა ვაშინგტონს ან ნიუ იორკს. ამიტომაც მათ შექმნეს საკუთარი ბირთვული იარაღი და ამის გამო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დატოვეს ნატო-ს სამხედრო შეთანხმების ნაწილი.

ახლა ჩვენ ვართ სიტუაციაში, როცა რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთი არალეგალურად თავს დაესხა უკრაინას. ნატო-ს ან ნებისმიერ ქვეყანას მსოფლიოში თუ სურს, იბრძოლოს უკრაინის მხარეს, მათ აქვთ ამის ყველა უფლება. საერთაშორისო სამართალი აძლევს მათ უფლებას, დაეხმარონ სხვა ქვეყანას საკუთარი თავის დაცვაში. დღეს აშშ-ს, მთლიანად ნატო-ს, უფლება აქვთ, შეუერთდნენ უკრაინას და იომონ მის მხარდამხარ. მათ ეს არ გააკეთეს. როცა ისინი განიხილავენ რაიმე ტიპის იარაღის გაგზავნას, ამის შესახებ არის დიდი დებატები. კერძოდ, ისინი მსჯელობენ, გარისკონ თუ არა. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ნატო-ს არ სურს, საფრთხის ქვეშ დააყენოს წევრი ქვეყნების, ამ ქვეყნების ქალაქების უსაფრთხოება. მე ვფიქრობ, ეს მეტისმეტად ცხადია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინა ხვალ გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა, დავიჯერებთ იმ ბლეფს, რომელიც ზემოთ ვახსენე? მე გამიჭირდებოდა ამის დაჯერება, თუ ვიქნებოდი უკრაინელი ან რუსი. ამიტომაც უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი თითქმის თეორიულია და მასზე მსჯელობა შეჩერებულია. თუმცა, მაინც, ნატო-ს საკითხი რჩება იმ დაბრკოლებად, რომლის გამოც ვერ ვიწყებთ მოლაპარაკებას. ამ თეორული საკითხის არსებობის გამო ყოველდღე ადამიანები იღუპებიან.