გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ვიცი, რომ საქართველო რთულ მდგომარეობაშია, თუმცა ვფიქრობ, ბევრი მეგობარი ქვეყანა ისურვებდა, საქართველოს გაეძლიერებინა უკრაინისადმი დახმარება და პოლიტიკური მხარდაჭერა
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ვიცი, რომ საქართველო რთულ მდგომარეობაშია, თუმცა ვფიქრობ, ბევრი მეგობარი ქვეყანა ისურვებდა, საქართველოს გაეძლიერებინა უკრაინისადმი დახმარება და პოლიტიკური მხარდაჭერა

პირველ ყოვლისა, მე ვფიქრობ, რომ ყველა ქვეყანამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეუძლია. ეს არის მთავარი კითხვა, აკეთებს თუ არა ქვეყანა ყველაფერს, რაც შეუძლია, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ნატო-ს მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

ლანდსბერგისის თქმით, მისი ქვეყანა აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია.

შეკითხვაზე, გერმანია უკრაინის დასახმარებლად აკეთებს თუ არა ყველაფერს, რაც შეუძლია, ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ ეს შეკითხვა მედიამ გერმანიის მინისტრს უნდა დაუსვას.

ამასთან, შეკითხვაზე, რა უნდა იყოს გზავნილი ნატო-ს პარტნიორებისადმი, მათ შორის საქართველოსადმი, რომელიც ასევე ესწრება მინისტერიალს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა:

„მე ვიცი, რომ საქართველო არის რთულ მდგომარეობაში. ჩვენ ეს გვესმის, თუმცა ვფიქრობ, რომ ბევრი მეგობარი და საქართველოს მოკავშირე ისურვებდა, რომ საქართველოს გაეძლიერებინა დახმარება და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგით მეხუთე პაკეტთან დაკავშირებით.

„ამ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც გამოაცხადა გუშინ ევროკომისიის პრეზიდენტმა, გულწრფელად რომ გითხრათ, იმედგაცრუებას იწვევს. ქვანახშირი არის რუსეთიდან ჩვენი იმპორტის ძალიან, ძალიან მცირე წილი. ხუმრობით ვთქვი, მოდით სანქციები დავაწესოთ სანთლებისა და შეშის იმპორტზე, თუკი იგივე გზავნილის გაკეთება გვინდა. სერიოზულად თუ ვუდგებით ჩვენს სანქციებს და ბუჩასა და სხვა ქალაქებში მკვლელობებს, მაშინ სერიოზულად უნდა მივუდგეთ ჩვენს სანქციებსაც. ვფიქრობ, ნავთობი არის ლოგიკურად გადასადგმელი მომდევნო ნაბიჯი, რადგან მესმის, რომ გაზის იმპორტის აკრძალვა შესაძლოა, დღეს უფრო რთულია და ჩვენ რეალისტურები უნდა ვიყოთ. მესმის, რომ ჩვენ უნდა მივცეთ გარკვეული დრო მთავრობებს უკეთესად მოსამზადებლად, თუმცა რაც შეეხება ნავთობს, ვფიქრობ, ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.