გაბრიელიუს ლანდსბერგისი - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალზე ყურადღების მიღმა არ დარჩება საქართველოში არსებული ვითარება
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალზე ყურადღების მიღმა არ დარჩება საქართველოში არსებული ვითარება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობა ბრიუსელში დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

მისივე თქმით, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის მიერ სამხედრო აღჭურვილობისა და სამხედროების განთავსება შემაშფოთებელია და ყურადღების დიდი ნაწილი ამ საკითხს დაეთმობა, ასევე, საუბარი შეეხება საქართველოში არსებულ ვითარებას.

„ჩვენ მოვუსმენთ ჩვენს კოლეგებს, რისი თქმა სურთ მათ. ჩვენ შეშფოთებული ვართ იმ მოვლენებით, თუ რა ხდება აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საზღვრებთან. კერძოდ, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის მიერ სამხედრო აღჭურვილობისა და სამხედროების განთავსება ძალიან შემაშფოთებელია და ვფიქრობ, რომ ყურადღების დიდი ნაწილი ამ საკითხს დაეთმობა. ასევე, საქართველოში არსებული სიტუაცია ყურადღების მიღმა არ დარჩება. ყოფილი პრეზიდენტის, ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და მისთვის დახმარების აღმოჩენაზე მთავრობის რეაგირება იქნება განხილული“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ამასთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისი აღნიშნავს, რომ ასოცირებული ტრიოს ფორმატი არის კარგი გზა ევროინტეგრაციის დასაჩქარებლად.

„თუმცა, ეს არის ფორმატი, ჩვენ ასევე ვხედავთ გარკვეულ განსხვავებებს ფორმატის შიგნით, რაც უნდა აღინიშნოს“, – დასძინა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.