გაბრიელიუს ლანდსბერგისი - საქართველოსა და ქართველ ხალხს რეგიონში პარტნიორები ენდობიან, დროისა და შესაძლებლობების მიცემით საქართველოს შეუძლია, გადამწყვეტი როლი ითამაშოს რეგიონში
საქართველოსა და ქართველ ხალხს რეგიონში პარტნიორები ენდობიან, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, რომელმაც ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია ავსტრიისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად თბილისში გამართა.
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა უპასუხა საქართველოს პირველი არხის შეკითხვას: „ხედავთ საქართველოს, როგორც სამშვიდობო რეგიონულ პლატფორმას? განსაკუთრებით უკანასკნელი მედიაციის ფონზე, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რა დროსაც სომხეთის მოქალაქეები გათავისუფლდნენ და ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენს ვიზიტს თბილისში აჯამებთ. ასევე, მინდა გკითხოთ გაჭიანურებულ კონფლიქტებზე, ხომ არ არის ახალი ინიციატივები, ხომ არ საუბრობთ ახალ ფორმატებზე, განსაკუთრებით საქართველოს შემთხვევაში“.
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, დროისა და შესაძლებლობების მიცემით საქართველოს შეუძლია, გადამწყვეტი როლი ითამაშოს რეგიონში.
„საქართველომ ითამაშა გადამწყვეტი როლი, რადგანაც, ჩემი რწმენით, ქართველ ხალხსა და საქართველოს რეგიონში სხვა პარტნიორები ენდობიან და ეს მოლაპარაკებების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვსაუბრობთ ქვეყნებზე, რომლებსაც ერთმანეთთან დებატების პირობებში რთული პერიოდი აქვთ. პირველი წარმატება ყოველთვის აძლიერებს მოლოდინებს და მე ვიტყოდი, რომ მოლოდინები მაღალია, თუმცა მართვადი, რაც ძალიან კარგი რამ არის. რაც იმას ნიშნავს, რომ წინსვლისთვის გზა არის.
ვფიქრობ, დროის და შესაძლებლობების მიცემით საქართველოს შეუძლია, გადამწყვეტი როლი ითამაშოს რეგიონში. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე, ასოცირებული ტრიოს მონაწილე და ასევე არაფორმალური მონაწილეა სამხრეთ კავკასიის ტრიოსი, საერთო ჯამში, ეს ხიდია და ვფიქრობ, ეს უნიკალური შესაძლებლობაა; ვფიქრობ, ევროკავშირის, ამერიკისა და სხვა პარტნიორების დახმარებით, ბევრი რამის მიღწევაა შესაძლებელი. მიხარია, რომ ლიდერებთან დღეს ამის განხილვის შესაძლებლობა გვქონდა.
კონფლიქტების გადაჭრასთან დაკავშირებით, მინდა, ვიყო უფრო ოპტიმისტურად განწყობილი, მაგრამ უნდა გავიგოთ, რომ რეგიონში, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კონფლიქტების უკან ხშირ შემთხვევაში რუსეთის ჩართულობაა. ყველგან, სადაც ჩავდივართ, გვაქვს განცდა, რომ ოთახში კიდევ ვიღაც დგას. იმედი მაქვს, ასე არ ყოფილა.
რაც შეეხება კონფლიქტების გადაჭრას, ჩვენ ჩართული უნდა ვიყოთ იმ ფორმატებში, რაც ახლა არსებობს, გვჯერა იმ ფორმატების, რაც არის თუნდაც საქართველოსთან თუ რომელიმე სახვა ქვეყანასთან მიმართებაში“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.