გაბრიელიუს ლანდსბერგისი – კარგი იქნება, თუ ნიკა მელია განიხილავს პარტნიორების მიერ შეთავაზებულ გარანტიებს
პარტიების მხრიდან ხელმოწერა ცხადყოფს იმ ვალდებულებას, თავდადებას და პასუხისმგებლობას, რაც უკავშირდება ევროატლანტიკური კურსისკენ სვლას, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
მისივე თქმით, ლიეტუვას აქვს შესაძლებლობა, საქართველოს გაუზიაროს გამოცდილება, რომ არასდროს გადაუხვიოს ამ კურსიდან.
„ლიეტუვას ჰქონდა იგივე პრობლემა 1992 წელს. მთელი რიგი არჩევნები და დავა იყო, მაგრამ ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ტრანსატლანტიკური მიმართულება. სწორედ ამიტომ, ეს არის საუკეთესო გამოცდილება, რაც ჩვენს ქვეყანას შეუძლია, საქართველოს გაუზიაროს, რომ არასდროს გადაუხვიოს ამ კურსიდან“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
ამასთან, შეთანხმებაზე საუბრისას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შეთანხმება საშუალებას იძლევა, შეთანხმების განხორციელების მონიტორინგი საუკეთესოდ განხორციელდეს.
მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ ნიკა მელია განიხილავს იმ გარანტიებს, რაც პარტნიორების მიერ არის შეთავაზებული.
„როცა ამ შეთანხმებას ხელს აწერს ყველა პარტია, ეს საშუალებას იძლევა, რომ საუკეთესოდ განხორციელდეს შეთანხმების განხორციელების მონიტორინგი. რაც შეეხება მელიას, ძალიან კარგი იქნება, თუ ის განიხილავს გარანტიებს, რაც გახლავთ შემოთავაზებული ევროკავშირის პარტნიორების მიერ“, – აღნიშნა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.