არგენტინის ნაკრების ლეგენდარულმა ფორვარდმა გაბრიელ ბატისტუტამ განაცხადა, რომ 2005 წელს, კარიერის დასრულების შემდეგ, გადაადგილება ძალიან უჭირდა. თავდამსხმელმა აღნიშნა, რომ მუდმივ ტკივილს ორივე ფეხის კოჭის არეში გრძნობდა.
„სერიოზული პრობლემები მქონდა. არტეროდეზი (კიდურების საყრდენი ფუნქციის აღსადგენი ოპერაცია) სწორი გადაწყვეტილება იყო, ცუდად გადავადგილდებოდი, მაგრამ საბედნიეროდ, ეს პრობლემა წარსულს ჩაბარდა. ხანდახან საწოლიდან წამოდგომასაც ვერ ვახერხებდი. ბევრი ტკივილგამაყუჩებლის მიღება მიწევდა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ციხეში ვიყავი.
გონება შეიძლება ყველაფერს გაუმკლავდეს, მაგრამ ყოველთვის ვერ აიტანს ფიზიკურ პრობლემებს. ფეხების ამპუტაციაზეც კი ვფიქრობდი. ერთხელ, კლინიკაში მივედი და ექიმებს ვუთხარი, რომ ტკივილის ატანა აღარ შემეძლო. ამიტომაც, ვკითხე მათ, შესაძლებელი იყო თუ არა ამპუტაცია“, – განუცხადა Marca-ს ბატისტუტამ.
არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში ბატისტუტამ ორჯერ მოიგო კოპა ამერიკა. მას მეორე ადგილი უჭირავს ნაკრებში გოლებით რაოდენობით (54 გოლი 78 მატჩში) – ჩამორჩება მხოლოდ ლიონელ მესის (61 გოლი).