გაბრიელ ბატისტუტა 53 წლის გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

გაბრიელ ომარ ბატისტუტა 1969 წლის პირველ თებერვალს ქალაქ რეკონკისტაში (არგენტინა) დაიბადა.

„ბატიგოლად“ წოდებული არგენტინელი გოლეადორი ფიფა-ს 100 საუკეთესო ფეხბურთელის სიაშია.

ბატისტუტამ სპორტული ტალანტი ბავშვობიდან გამოავლინა და ფეხბურთთან ერთად, შესანიშნავად თამაშობდა კალათბურთსა და ფრენბურთს. მისი ნიჭი პირველად „ოლდ ბოიზის“ სკაუტებმა აღმოაჩინეს და ბატისტუტას დიდი კარიერა სწორედ ამ გუნდის ახალგაზრდულ შემადგენლობაში დაიწყო. არგენტინაში ის აგრეთვე იცავდა „რივერ პლეიტისა“ და „ბოკა ხუნიორსის“ ღირსებას.

თუმცა ბატისტუტას სახელი პირველ რიგში იტალიურ კლუბ „ფიორენტინასთან“ ასოცირდება. ფლორენციელთა არგენტინელმა ლეგიონერმა 269 მატჩში 167 გოლი გაიტანა და „ფიორენტინას“ საუკუნოვან ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. ბატისტუტა „ინტერსა“ და „რომაშიც“ თამაშობდა. რომაელებთან ერთად მან სკუდეტო და იტალიის სუპერთასი მოიპოვა.

შეუცვლელი იყო გაბრიელ ბატისტუტა არგენტინის ნაკრებისთვისაც – ეროვნული გუნდის რიგებში მან 77 შეხვედრა ჩაატარა, 54 გოლის ავტორი გახდა.