არსებული ინფორმაციით, აშშ რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან ჯარების მნიშვნელოვან ნაწილს გაიყვანს
არსებული ინფორმაციით, აშშ რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან ჯარების მნიშვნელოვან ნაწილს გაიყვანს

აშშ რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან ჯარების მნიშვნელოვან ნაწილს გაიყვანს. ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული პორტალი G4media ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, შეერთებული შტატები რუმინეთიდან 800 ამერიკელი სამხედროს გაყვანას გეგმავს, ასევე სამხედრო კონტინგენტის შემცირებას აპირებს ბულგარეთში, სლოვაკეთსა და უნგრეთშიც.

გავრცელებული ცნობით, განცხადება, ნატო-ს ოფიციალური პროცედურების შესაბამისად, 27 ოქტომბერს გაკეთდა, რას იმას ნიშნავს, რომ თეთრი სახლის ეს გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შევა, თუმცა, თეორიულად, კონგრესს მისი შეცვლა მაინც შეუძლია.

ამერიკელი ჯარისკაცები რუმინეთში მიხაილ კოგელნიჩანუს, დევესელუსა და კამპია ტურზის ბაზებზე არიან განლაგებული.

ჯერჯერობით უცნობია, ამ სამიდან რომელში შემცირდება სამხედრო კონტინგენტი.

რუმინეთში სულ, დაახლოებით, 1000-მდე ამერიკელი სამხედრო დარჩება.

რუმინული გამოცემის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ოთხ ქვეყანას ეხება, თუმცა პორტალი არ აკონკრეტებს სხვა ქვეყნებიდან ჯარების გაყვანის ვადებს, რაოდენობას ან სხვა დეტალებს და აქცენტს მხოლოდ რუმინეთში განლაგებულ კონტინგენტზე აკეთებს.

G4media-ს წყაროები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება არ არის დაკავშირებული რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმებასთან, რომელშიც ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, ჯორჯე სიმიონმა გაიმარჯვა, რადგან ამერიკული ჯარების სხვა ქვეყნებიდან გაყვანაც იგეგმება.