საქართველოს ფუტსალის თასის ფინალი კვირას, 9 აპრილს გაიმართება, – ინფორმაციას ფუტსალის ლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ნახევარფინალში სენსაციური შედეგი დაფიქსირდა – ლიგა 2-ის „სპორტუნმა“ საქართველოს მოქმედ ჩემპიონთან, „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსთან“ ძირითადი დრო 3:3 ითამაშა. პენალტები კი „სპორტუნმა“ უკეთ შეასრულა (6:5) და ფინალში გავიდა.
დაძაბული გამოდგა მეორე ნახევარფინალი პსპ-სა და „არმიას“ შორის. პირველი ტაიმის დასრულებამდე 10 წამით ადრე მოედანზე ჩხუბისთვის მსაჯმა ორივე გუნდიდან თითო მოთამაშე გააძევა – გიორგი ზუნტუროვი (პსპ) და გიგა ბერაია („არმია“). საბოლოოდ, მატჩი „არმიამ“ 4:3 მოიგო და ტიტულისთვის იბრძოლებს.
ფინალურ შეხვედრაში „სპორტუნი“ და „არმია“ ერთმანეთს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა) დაუპირისპირდებიან. მატჩი 9 აპრილს, 19:30 საათზე დაიწყება.