ფუტსალში კიდევ ერთი ექსტორპედოელი გადავიდა - „თბილისი“ ტუღუშით გაძლიერდა #1TVSPORT
ცნობილი ფეხბურთელი ბექა ტუღუში ფეხბურთიდან ფუტსალის კლუბ „თბილისში“ გადავიდა და დებიუტი ფუტსალის ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრაში პსპ–სთან გოლით აღნიშნა.
31 წლის ფეხბურთელი ქუთაისის „ტორპედოში“ საქართველოს ეროვნული ლიგის გამარჯვებული (2017), დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის (2016) და სუპერთასის მფლობელია (2018). ბოლო სეზონი ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა და საქართველოს ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ტიტულოვანი ფეხბურთელია.
ის პირველი ფეხბურთელი არ არის, რომელმაც სახეობის შეცვლა გადაწყვიტა. 32 წლის მთავარმა მწვრთნელმა, დიმიტრი მაყიშვილმა საინტერესო შემადგენლობა შეკრიბა. მცირე ხნის წინ ფუტსალში ასევე ყოფილმა ტორპედოელმა, გიორგი ივანიშვილმა გადაინაცვლა – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების, „ციურიხისა“ და „დინამო თბილისის“ ყოფილმა თავდამსხმელმა.
გუნდშია 23 წლის ნახევარმცველი ნიკა გაბრიჭიძეც, რომელიც თამაშობდა „ცხინვალში“, „გაგრაში“, „ლოკომოტივსა“ და „ვიტ ჯორჯიაში“. „თბილისის“ კაპიტანმა, 33 წლის გიორგი დიაკვნიშვილმა კარიერა „ნორჩი დინამოში“ დაიწყო, 2004-2010 წლებში „ლოკომოტივში“ თამაშობდა, 2011-2017 წლებში გამოდიოდა ლატვიურ გუნდებში – „დაუგავაში“, „ელგავაში“, „იურმალაში“, „ნიკარსში“, „რიგასში“, 2019 წელს კი ლიეტუვის „პალანგაში“.
„თბილისის“ და ფუტსალის ლიგის ბომბარდირი ოთარ ბერეჩიკიძეც ყოფილი ფეხბურთელია. 26 წლის მოთამაშე ქუთაისის „ტორპედოს“ აკადემიის აღზრდილია და გუნდის დუბლშემადგენლობაში თამაშობდა.