ფუტსალის ლიგის ფორმატი შეიცვალა - თბილისის „დინამო“ ახალი სეზონის დებიუტანტია #1TVSPORT
3 ოქტომბერს ფუტსალის ლიგის ახალი სეზონი იწყება, რომელშიც რვა გუნდი ითამაშებს – „ბეტის თბილისი“, კსუ, პსპ, „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“, თსუ, „არმია“, „UG-წალენჯიხა“ და „დინამო თბილისი“. პირველი ტურის შეხვედრები თბილისში, ოლიმპიური სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა) გაიმართება.
ლიგაში რამდენიმე ახალი გუნდია – „ქუთაისმა“ გასული ჩემპიონატი ბოლო ადგილზე დაასრულა და მის ნაცვლად მთავარ ლიგაში „დინამო თბილისი“ გადავიდა, რომელმაც მეორე ლიგაში პირველი ადგილი დაიკავა და ლიგის დებიუტანტია.
„წალენჯიხა“ პლეი აუტის სერიაში საქართველოს უნივერსიტეტთან დამარცხდა. საბოლოოდ ეს ორი გუნდი გაერთიანდა და ახალ სეზონში „UG-წალენჯიხის“ სახელით იასპარეზებს. ახალი სეზონისთვის ასევე გაერთიანდნენ „ილიაუნი“ და „ბეტისი“, ეს გუნდი ჩემპიონატში „ბეტის თბილისის“ სახელით ითამაშებს.
ცვლილებები მოხდა ჩემპიონატის რეგლამენტში. რეგულარული სეზონი ისევ სამ წრედ გაიმართება, რომლის შემდეგაც რვა გუნდი ცხრილში დაკავებული ადგილების მიხედვით ორ ოთხეულად დაიყოფა. საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მოწინავე კვარტეტი (1-4 ადგილზე გასული გუნდები) პლეი ოფის ნახევარფინალებიდან გააგრძელებს. ნახევარფინალში პირველადგილოსანი მეოთხე ადგილზე გასულს დაუპირისპირდება, მეორე წყვილს კი მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები შექმნიან. ნახევარფინალური და ფინალური სერია სამ მოგებამდე გაიმართება.
რაც შეეხება ქვედა ოთხეულს (5-8 ადგილები), ეს გუნდები ორ წრედ ითამაშებენ და ერთმანეთს 2-2-ჯერ შეხვდებიან. ექვსი ტურის შემდეგ მე-8 ადგილზე გასული გუნდი ქვედა ლიგაში გავარდება, მე-7 ადგილზე გასული კი მთავარ ლიგაში დასარჩენად ქვედა ლიგის მეორეადგილოსანთან პლეი აუტში ითამაშებს.
სეზონს სუპერთასი დააგვირგვინებს, რომელშიც ფუტსალის ლიგის ჩემპიონი თასის მფლობელ გუნდს დაუპირისპირდება. თუ ჩემპიონი და თასის მფლობელი ერთი და იგივე გუნდი იქნება, მაშინ სუპერთასისთვის თასის ფინალისტი იბრძოლებს.
ფუტსალის ლიგა. I ტური
12:00 | „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ – „წალენჯიხა“
14:30 | პსპ – „დინამო თბილისი“
17:00 | „არმია“ – „ბეტის თბილისი“
19:30 | კსუ – თსუ