ფუტსალის ლიგა - სტუდენტები ერთპიროვნულად გალიდერდნენ
ფუტსალის ლიგა - სტუდენტები ერთპიროვნულად გალიდერდნენ

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგაში მესამე ტურის მატჩები გაიმართა.

პირველ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (კსუ) დაუპირისპირდნენ. მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა, მაყურებელმა საინტერესო სანახაობა იხილა და 3:3 დასრულდა. კსუ-დან გოლები გაიტანეს ნიკა მანგოშვილმა, ოთარ ბერეჩიკიძემ (ავტოგოლი) და გიორგი ღავთაძემ, ხოლო თბილისიდან – კახაბერ გოგოხიამ, გუნდის ბომბარდირმა, ოთარ ბერეჩიკიძემ კი დუბლი შეასრულა.

ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო გასული სეზონის ჩემპიონმა თსუ-მ. თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის გუნდი ამჯერად ილიაუნის დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით – 3:0 დაამარცხა. თავი გამოიჩინეს გიორგი ჩიმაკაძემ, გიორგი თოლორდავამ (ავტოგოლი) და გიორგი ქურდაძემ.

სათამაშო დღის ბოლო შეხვედრაში „თელასი-ჯორჯიანსი“ პსპ-ს დაუპირისპირდა და 6:3 სძლია. ანგარიში ფუტსალის ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გოლით გაიხსნა, მე-17 წამზე „თელასის“ მოთამაშე თემურ ექიზაშვილმა გაიტანა, რომელიც საბოლოოდ დუბლის ავტორი გახდა. „თელასიდან“ ასევე დუბლი შეასრულა ჯანიკო გიორგაიამ, 1-1 გოლი კი ამირან ცხომარიას და ვახტანგ ჯვარაშვილის ანგარიშზეა. პსპ-დან დუბლი გიორგი აფციაურმა მიითვალა, ერთი გოლიც – ნიკა ხარატიშვილმა.

სამი ტურის შემდეგ ფუტსალის ლიგას 9 ქულით თსუ ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 7 ქულით თბილისია, მესამეზე კი, „თელასი-ჯორჯიანსი“ 6 ქულით.