ფუტსალის ლიგაში ვითარება დაიძაბა - ფინალურ ოთხეულში მოსახვედრად გადამწყვეტი ბრძოლები დაიწყო #1TVSPORT
ფუტსალის ლიგაში ვითარება დაიძაბა - ფინალურ ოთხეულში მოსახვედრად გადამწყვეტი ბრძოლები დაიწყო #1TVSPORT

ფუტსალის ლიგაში მე-13 ტურის მატჩები გაიმართა – რეგულარული სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ფინალურ ოთხეულში მოსახვედრად დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობს.

ილიაუნი – თსუ 0:3

წინა ტურში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თსუ-მ პლეი-ოფამდე 3 ტურით ადრე, მდევართან 9-ქულიანი ფორა შეინარჩუნა და რეგულარულ სეზონში პირველობა გაინაღდა. ამჯერადაც დავით ბობოხიძის გუნდმა მოიგო, მაგრამ მეტოქე იოლად ვერ დაამარცხა. „ილიაუნს“ კარგი მომენტები ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა, თსუ-მ კი თავისი შანსებით ისარგებლა და ვანო ბექაურის (1), გიორგი ჭოხონელიძის (20) და გიორგი ჩიმაკაძის (37) გოლებით მორიგი გამარჯვება მოიპოვა 3:0. გასული სეოზნის მესამეადგილოსანი „ილიაუნი“ კი ლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ არ მოუგია.

თბილისი – კსუ 1:4

„თბილისმა” სეზონი კარგად დაიწყო და დიდი ხანი მეორე ადგილზე იყო, მაგრამ ბოლო ტურებში გუნდმა ძალიან აურია და ახლა ფინალურ ოთხეულში მოხვედრაც საეჭვო გაუხდა. გუნდმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (კსუ) გუნდთან დიდი ანგარიშით წააგო. კსუ-დან გოლები ნიკა მანგოშვილის (16), გიორგი ღავთაძის (26), ლუკა ფარცვანიას (31) და ლაშა სიგუნავას (40) ანგარიშზეა, ხოლო „თბილისიდან“ თავი ნიკა გაბრიჩიძემ (28) გამოიჩინა. ამ მოგებით კსუ-მ „თბილისთან“ ჩამორჩენა ქულამდე შეამცირა და რეგულარულ სეზონში დარჩენილ ორ ტურში ფინალურ ოთხეულში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა.

თელასი – პსპ 3:6

„პე-ეს-პემ“ მოქმედ ვიცე-ჩემპიონ „თელასთან“ შეხვედრა კარგად დაიწყო და ნიკა კურტანიძის (11, 14) დუბლით 2:0 დაწინაურდა. „თელასმა“ მეორე ტაიმში თამაში გამოასწორა და ამირან ცხომარიას (22) და დავით ხეჩიკაშვილის (31) გოლებით წონასწორობა აღადგინა. მაგრამ 34-ე წუთზე 6-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით ნიკა კოპლატაძემ „პე-ეს-პე“ ისევ დააწინაურა და ჰეთ-თრიქი შეასრულა, ლევან სვანიძის (38) გოლით და გიორგი ზუნტუროვის დუბლით (38, 39) უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში „თელასის“ მოთამაშე გიორგი კურტანიძემ (40) დააფიქსირა.