ფუტსალის ლიგა | პირველი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ - „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ ფინალური სერიის პირველი მატჩი მოიგო #1TVSPORT
ფუტსალის ლიგის პლეი ოფის ფინალური სერია „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ შესანიშნავად დაიწყო და პირველ შეხვედრაში პსპ დიდი ანგარიშით, 5:1 დაამარცხა.
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ანგარიში მე-4 წუთზე გახსნა, როდესაც ნიკოლოზ გაბრიჩიძემ ზუსტად დაარტყა. მე-17 წუთზე კი სხვაობა ირაკლი თოდუამ გაზარდა – 2:0.
მეორე ტაიმიც სწრაფ ტემპში, ორმხრივი შეტევებით დაიწყო. 22-ე წუთზე თავი ვახტანგ კეკელიამ გამოიჩინა და „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ 3:0 დაწინაურდა. 35-ე წუთზე პსპ-მ ანგარიში შეამცირა – გოლი ლუკა ჯოლოხავამ გაიტანა.
„ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ მატჩის დასრულებამდე კიდევ ორი გოლი გაიტანა – დავით ხეჩიკაშვილის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ვახტანგ ჯვარაშვილმა ზუსტად შეასრულა, ბოლო წუთზე კი თოდუამ დუბლი მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 5:1.
ავთანდილ ასათიანის გუნდი 4 ივნისს საქართველოს თასს დაეუფლა, ახლა კი ჩემპიონობისა და დუბლის შესრულების რეალური შანსი აქვს. ფინალური სერია სამი მოგებამდე გრძელდება.
„ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსისა“ და პსპ-ს ფინალური სერიის მეორე შეხვედრა 8 ივნისს ახალი სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება.