ფუტსალის ლიგა | „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ ფინალშია - „არმიამ“ პსპ-სთან ანგარიში გაათანაბრა #1TVSPORT
ფუტსალის ლიგაში ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩები გაიმართა და ერთი ფინალისტი გაირკვა – „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ ტრადიცია არ დაარღვია და კვლავ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი (კსუ) პირველ მატჩში 4:3 დაამარცხა. მეორე შეხვედრაში გუნდმა მეტოქეს უფრო დამაჯერებელი ანგარიშით სძლია – 6:2.
გამარჯვებულთაგან თავი ირაკლი თოდუამ, რონინიომ, შოთა თოფურიამ, ნიკა გაბრიჩიძემ, ვახტანგ კეკელიამ და ვახტანგ ჯვარაშვილმა გამოიჩინეს, ხოლო კსუ-დან გოლები მეკარე ბექა გოგსაძისა და საბა ტყეშელაშვილის ანგარიშზეა. რადგან სერია ორ გამარჯვებამდე იყო, „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ ფინალში გავიდა და მეტოქის გარკვევას დაელოდება.
მეორე ნახევარფინალურ წყვილში „არმიამ“ პსპ-სთან პირველი მატჩი 1:3 დათმო, ამჯერად კი 5:4 მოიგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. ლადო ბურდულის გუნდმა მატჩი ძალიან კარგად დაიწყო და ოთარ ბერეჩიკიძისა (2) და გიორგი სილაგავას გოლებით ტაიმი 3:0 მოიგო.
შესვენების შემდეგ პსპ-მ ანგარიში გაათანაბრა – გოლები ბექა ბექაურმა (ავტოგოლი), ნიკოლოზ კურტანიძემ და ლევან სვანიძემ გაიტანეს. შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე კახა მაისაიამ „არმია“ ისევ დააწინაურა, ხოლო მეკარე ვახტანგ ტერუნაშვილმა თავი მორიგი გოლით გამოიჩინა და გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. პსპ-მ კურტანიძის გოლით მხოლოდ სხვაობა შეამცირა. სერიაში ანგარიში გათანაბრდა და ფინალისტის გამოსავლენად მესამე, გადამწყვეტი მატჩი დაინიშნება.