ფუტსალის ლიგა I ჩემპიონმა თამაში შემოატრიალა, „პე-ეს-პე-ს“ მეკარემ საკუთარი ნახევრიდან გაიტანა #1TVSPORT
ფუტსალის ლიგა I ჩემპიონმა თამაში შემოატრიალა, „პე-ეს-პე-ს“ მეკარემ საკუთარი ნახევრიდან გაიტანა #1TVSPORT

ფუტსალის ლიგაში საჩემპიონო ოთხეული გაირკვა და პირველი ნახევარფინალური დაპირისპირებები გაიმართა. გამომდინარე იქიდან, რომ ოთხეულში მოხვედრილი ყველა გუნდი დედაქალაქს წარმოადგენს, მატჩებს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა.

„ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ – „თსუ“ 3:2

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ თავიდან რთულ ვითარებაში ჩავარდა, რადგან „თსუ“ ბორის ესებუასა და საბა მაჩიტიძის გოლებით მეორე ტაიმის დასაწყისში 2:0 დაწინაურდა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა თამაშის შემოტრიალება მოხერხა. „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ მეტოქის კარი ბოლო ცხრა წუთში სამჯერ აიღო. თავი ვახტანგ ჯვარაშვილმა, გიორგი ქურდაძემ და ნიკა გაბრიჭიძემ გამოიჩინეს – 3:2.

„კსუ“ – „პე-ეს-პე“ 2:5

„პე-ეს-პე-მ“ პირველივე ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვა და 4:0 დაწინაურდა. ბესიკ არველაძის გუნდმა ანგარიში უკვე 24-ე წამზე გახსნა – გუნდი ლევან სვანიძემ დააწინაურა, ნიკოლოზ კოპლატაძემ კი დუბლი შეასრულა. მეათე წუთზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის („კსუ“) გუნდს საკუთარი ნახევრიდან „პე-ეს-პე-ს“ მეკარემ, ნიკოლოზ ფხაკაძემ გაუტანა, ვისთვის ეს ტრადიციად იქცა, მას წინა ჩემპიონატში ჰეთთრიქიც აქვს შესრულებული.

„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა“ მეორე ნახევარში ორი გოლი (ნიკა ხარატიშვილი, ლუკა ფარცვანია) გაიტანა და ბოლო წამებზე მეკარე მოთამაშით შეცვალა. ამით „პე-ეს-პე-მ“ ისარგებლა, კოპლატაძემ საკუთარი ნახევრიდან გაიტანა და ჰეთთრიქი შეასრულა, მისმა გუნდმა კი დამაჯერებლად მოიგო.

ფლეი ოფის მეორე ნახევარფინალური მატჩები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 12 მაისს გაიმართება. ფინალში გუნდი ორი მოგების შემთხვევაში ითამაშებს.

„პე-ეს-პე“ – „კსუ“, 12:00
„თსუ“ – „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“, 15:00