ფუტსალის ლიგა | ფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა - „თელასი“ ბრინჯაოს მედლის მფლობელია #1TVSPORT
ფუტსალის ლიგა | ფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა - „თელასი“ ბრინჯაოს მედლის მფლობელია #1TVSPORT

თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ პლეი ოფის დასკვნითი რაუნდის მეორე მატჩებს უმასპინძლა. ჯერ ფინალისტები, თსუ და კსუ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, შემდეგ კი „თელასი ჯორჯიანსი“, მესამე ადგილისთვის მატჩში „თბილისს“ შეხვდა.

 

თსუ – კსუ 4:2

კავკასიელებმა რეგულარული სეზონის გამარჯვებული პირველ მატჩში დაჯაბნეს 3:1, მაგრამ ამჯერად მოქმედი ჩემპიონის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა იმარჯვა და საქართველოს ფუტსალის ლიგის ფინალურ სერიაში საერთო ანგარიში 1:1 გახდა. პირველ შეხვედრაში მარცხის (1:3) შემდეგ დავით ბობოხიძის გუნდმა მეორე მატჩი ბევრად მობილიზებულმა ჩაატარა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსისტეტი (კსუ) დამაჯერებლად 4:2 დაამარცხა.

პირველი დაპირისპირებისგან განსხვავებით, ამჯერად, მთელი შეხვედრის განმავლობაში მეტოქეს თამაშის სცენარს თსუ კარნახობდა. ნოდარ ქურცაძის გოლს, მოგვიანებით ვანო ბექაურის ზუსტი დარტყმა მოჰყვა და თსუ 2:0 დაწინაურდა. კახა მაისაიმ ანგარიში გაქვითა და კავკასიელებს მატჩის გადარჩენის შანსი მისცა, თუმცა მატჩის მიწურულს მეტოქე იძულებული გახდა მეკარის ნაცვლად შეტევის დროს მეხუთე მოედნის მოთამაშე გამოეყენებინა და ამით მატჩის გმირმა, თსუ-ს მეკარე თორნიკე ბუკიამ ისარგებლა და მოგერიებული დარტყმის შემდეგ სწრაფი დარტყმით ბურთი საკუთარი კარიდან გაიტანა – 3:1. დარჩენილ დროში გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს – 4:2 თსუ სასარგებლოდ და 1:1 სერიაში.

 

თელასი ჯორჯიანსი – თბილისი 7:4

ავთანდილ ასათიანის გუნდმა მესამე ადგილი მოიპოვა. სერიის პირველ მატჩში „თელასი ჯორჯიანსმა“ „თბილისი“ 6:3 დაამარცხა და ამჯერადაც სამბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა – 7:4. მესამე ადგილის მოსაპოვებლად ორი მოგება იყო საკმარისი და „თელასი ჯორჯიანსმა“ მიზანს მიაღწია.

ფინალური სერიის მორიგი დაპირისპირება კი 21 ივნისს 15:00 საათზე შედგება – საჩემპიონო მარათონში სხვა წესია – აქ 3 გამარჯვებაა საჭირო.