ფუტსალის ლიგაში პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა და ფინალური ოთხეულის მესამე მონაწილე გაირკვა.
„არმია“ – „ილიაუნი“ 4:1
„არმიამ“ „ილიაუნი“ 4:1 დაამარცხა. ლადო ბურდულის გაწვრთნილებმა მეტოქე პირველ მატჩში 2:0 დაამარცხა და სერიის გამარჯვებული გახდა – 2:0. არმიელები ფინალურ ოთხეულში პსპ-ს დაუპირისპირდებიან.
კსუ – თსუ 1:4
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან პირველი შეხვედრა 1:2 წააგო. ამჯერად კი მეტოქე 4:1 დაამარცხა. გიორგი ჩიმაკაძემ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ნიკა მანგოშვილისა და ჯანიკო გიორგაიას ანგარიშზეა. კსუ-დან თავი გეგა კოშაძემ გამოიჩინა და სერიაში ანგარიში გათანაბრდა – 1:1. ფინალურ ოთხეულში „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსის“ მეტოქის გასარკვევად მესამე მატჩი გაიმართება.
„წალენჯიხა“ – „საქართველოს უნივერსიტეტი“ 3:4
პლეი აუტში ფუტსალის ლიგის მეშვიდეადგილოსანი „წალენჯიხა“ ლიგა 2-ის მესამეადგილოსან „საქართველოს უნივერსიტეტს“ შეხვდა და 3:4 დამარცხდა. მეორე შეხვედრა 20 მაისს გაიმართება.