ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი მატჩები - კსუ ტიტოგრადში ითამაშებს #1TVSPORT
შვეიცარიის ქალაქ ნიონში ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის გათამაშების წინასწარი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ჩემპიონის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის მეტოქეები გაირკვა.
ლევან კობაიძის და შოთა ჭანუყვაძის გაწვრთნილი გუნდი E ჯგუფში მოხვდა, სადაც ასევე ითამაშებენ სერბეთის ჩემპიონი „ფონი“, მონტენეგროს „ტიტოგრადი“ და ირლანდიის ჩემპიონი „ბლუ მეჯიკ დუბლინი“.
ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის პირველ ჯგუფურ შეხვედრებს ტიტოგრადი უმასპინძლებს – მინი ტურნირი მონტენეგროში 20-დან 25 აგვისტომდე ჩატარდება.
ამ ეტაპზე ევროპის 32 ქვეყნის ჩემპიონი ოთხ ქვეჯგუფში გადანაწილდა და შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები მინი-ტურნირის ფორმატით გაირკვევა. მთავარ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფის გამარჯვებული და ასევე მეორე ადგილზე გასული გუნდები ითამაშებენ. მეინ-რაუნდის წილისყრა 30 აგვისტოსაა დაგეგმილი, მატჩები კი, 26-31 ოქტომბერს.
კსუ არსებობის ისტორიაში ევროტურნირებზე პირველად იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ კლუბმა საქართველოს ფუტსალის ლიგის რეგულარულ სეზონში მესამე ადგილი დაიკავა, პლეიოფში კი ჯერ ვიცე-ჩემპიონი „თელასი-ჯორჯიანსი“ დაამარცხა, ხოლო ფინალურ სერიაში მოქმედ ჩემპიონს, თსუ-ს აჯობა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.